სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ქართული კომპანიებისთვის პრეფერენციების მინიჭების ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. უკვე მზადდება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ვალდებულებების შესრულების პროცესში ქართულ პროდუქციას გამოიყენებს, 10-დან 12%-მდე შეღავათით ისარგებლებს. როგორც "საქმის კურსს" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან რაზმაძემ, განაცხადა, მას შემდეგ რაც მთავრობა შესაბამის დოკუმენტს გამოსცემს, ქართული კომპანიებისთვის შეღავათის გაწევა შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის სავალდებულო გახდება.
"ეს იქნება კონკრეტული პროცენტული დახმარება, თუმცა აუცილებელი პირობა, რაც არსებობს, ეს არის ტენდერში გამარჯვება. საუბარი იყო 10-12%-ზე, თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მოხდება გამარჯვება და მისი მხრიდან იქნება ქართული პროდუქცია შეთავაზებული, შემსყიდველს უფლება ექნება მას ზედმეტად დაუმატოს ამ პროცენტის ფარგლებში, თუმცა ეს არ უნდა სცდებოდეს იმ ფასს, რა ფასადაც იქნება ტენდერი გამოცხადებული", - აცხადებს ლევან რაზმაძე.
მისი თქმით, პრეფერენციები სავარაუდოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, სამრეწველო პროდუქტებიდან კი ცემენტს შეეხება. კიდევ რომელი პროდუქტები მოხვდება შეღავათების სისტემაში მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაზეც მუშაობას შესაბამისი სამთავრობო უწყებები დაასრულებენ.

























