სახელმწიფო ვალის განმარტება არ შეესაბამება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ სახელმწიფო ვალის განმარტებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ განმარტავენ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების განმარტებით, სახელმწიფო ვალი მოიცავს სახელმწიფო საწარმოების საკრედიტო ვალდებულებებს, რომელიც ვალში გაითვალისწინება როგორც არაცხადი-პირობითი ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება მთავრობის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საწარმო გადახდისუუნარო იქნება ან მოხდება მისი დეფოლტი, მაშინ სახელმწიფოს მათი დაფარვა თავად მოუწევს. სახელმწიფო საწარმოების ვალები საქართველოს სახელმწიფო ვალში გათვალისწინებული არ არის.
„თუ სახელმწიფო საწარმოების ვალების გარეშე სახელმწიფო ვალი მშპ-ს 42%-ია, საწარმოების ვალების გათვალისწინებით აღნიშნული მაჩვენებლი უკვე 54%-ია, რაც სახელმწიფო ვალის ინდიკატორების ზოგიერთ კრიტიკულ ზღვარს უკვე მიღმაა“, - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო საწარმოების ვალების დაფარვის რისკი კიდევ უფრო მეტად იზრდება, მაშინ როცა სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით უამრავი კითხვები და პრობლემებია, როგორიცაა: 65 სახელმწიფო საწარმოდან 38% რისკიანია, რომელთა სასესხო ვალდებულებებიც მშპ-ს 9%-ია; ნახევარზე მეტ საწარმოზე ფინანსური ინფორმაციის მოძიება ვერ ხერხდება; კანონმდებლობა არ ადგენს სახელმწიფო საწარმოების დაარსების კრიტერიუმებს და მიზნებს; არ არსებობს სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ერთიანი სისტემა და სხვა.
„შედეგად, თუ სახელმწიფო ვალის განმარტებაში სახელმწიფო საწარმოების ვალებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ სახელმწიფო ვალის ინდიკატორები მნიშვნელოვნად გაიზრდება, ამან კი გარკვეულწილად შეიძლება შეამციროს კრედიტორების მიერ ქვეყნისთვის გამოყოფილი სესხების ოდენობა. ეს ფაქტორი კი შეიძლება მთავარ მიზეზად განვიხილოთ იმისა, თუ რატომაც არ სურს მთავრობას სახელმწიფო საწარმოების ვალების სახელმწიფო ვალში გათვალისწინება“.
ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალი სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით ამ ეტაპზე მეტწილად ნორმის ფარგლებშია, თუმცა საყურადღებოა ბოლო წლებში ამ მაჩვენებლების ზრდის ნეგატიური ტენდენცია.
პრობლემურ საკითხად რჩება სახელმწიფო ვალის დაანგარიშების მეთოდოლოგია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი არ არის. კერძოდ, გაუმართლებელია სახელმწიფო საწარმოების ვალების სახელმწიფო ვალში გაუთვალისწინებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოების საქმიანობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა:
ფინანსთა სამინისტროს მიერ 65 საწარმოდან 38% რისიკიანად შეფასდა, რომელთა მთლიანი სასესხო ვალდებულებები მშპ -ს 9% შეადგენს; ნახევარზე მეტ სახელმწიფო საწარმოზე ფინანსური ინფორმაციის მოძიება ვერ ხერხდება;
შპს „მექანიზატორის’’ სასესხო და სალიზინგო ვალდებულებების დაფარვა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ხორციელდება, რაც სახელმწიფო ვალის პორტფელში აღრიცხული არ არის; სახელმწიფო ვალის ინდიკატორები 2013-2014 წლიდან დღემდე ზრდის ტენდენციით ხასიათდება; სახელმწიფო ვალისარსებული ინსტიტუციური შემადგენლობა არ შეესაბამება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისმიერ აღიარებულ სახელმწიფო ვალის ინსტიტუციურ დაყოფას, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალი მთლიანად სახელმწიფო სექტორის ვალდებულებებს უნდა მოიცავდეს“, - განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.

























