საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ენერგეტიკაში ინვესტიციების წასახალისებლად შესაბამისი რეგულაციები უნდა გაატაროს. როგორც არჩილ გაჩეჩილაძემ "ბიზნესკონტრაქტს" ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო გარემოზე საუბრისას განუცხადა, თანხები განსაკუთრებით, სადისტრიბუციო კომპანიებმა ქსელის განვითარებისთვის უნდა დახარჯონ.
"ისეთი რეგულაციები უნდა გატარდეს, რომ ინვესტიციები წახალისებული იყოს. ჩვენს სადისტრიბუციო ობიექტებს, ეს იქნება "თელასი“, "ენერგო-პრო ჯორჯია“, კახეთის ენერგოდისტრიბუცია, "ყაზტრანსგაზ-თბილისი", თუ გაზის სხვადასხვა დისტრიბუციები, ძალიან ბევრი ინვესტიცია სჭირდება. ზოგიერთ ქსელზე დიდი სარეაბილიტაციო სამუშაოებია განსახორციელებელი, ზოგიერთი კი, მაგალითად, წყალგაყვანილობის სისტემები, საერთოდ არ იყო აშენებული. შესაბამისად, ზოგიერთ ქალაქში საჭიროა, ისეთი ტიპის რეგულაციები იყოს მიღებული, რომელიც ამ სფეროში ინვესტიციებს წაახალისებს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
Galt&Taggart-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იმ სატარიფო პოლიტიკასაც აფასებს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ახალი ჰიდროელექტროსადგურებისგან ერთ კვტ/სთ ელექტროენერგიას მაქსიმუმ 6 ცენტად შეიძენს.
"რაღაც ზღვარის დაწესება - რა თანხის მეტი არ უღირს სახელმწიფოს ელექტროენერგიაში გადასახდელად, მიმაჩნია, რომ სწორია. ეს ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით პრეფერენციული მიდგომის რისკებს შეამცირებს იმ რისკებს, რომ მოპყრობა ჰქონდეს. ზოგიერთი პროექტი 6 ცენტზე მუშაობს, ზოგი - არა. ამის გადარჩევა ბუნებრივად უნდა მოხდეს და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მაინც გადასარევი პროექტია და მისი გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო მეტი უნდა ღირდეს, არსებობს თავისუფალი ბაზარი, სადაც შეუძლია, გაყიდოს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფოს ამაზე მეტის გადახდა არ უღირს. ძვირიან ელექტროენერგიაზე გრძელვადიანი გარიგებები თუ მოხდა, ეს სისტემას შეიძლება, ისე დააწვეს, რომ წლების შემდეგ ფინანსურად დიდი წნეხი აღმოჩნდეს. ასე მოუვიდა თურქეთს 80-იან წლებში. ამიტომ ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოსაზრებას ვიზიარებ, რომ ეს ყურადღებამისაქცევი საკითხია", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
ამასთან, გაჩეჩილაძე რამდენიმე ნიუანსზე ამახვილებს ყურადღებას.
"პიკურ საათებში ელექტროენერგია მეტი ღირს, უბრალოდ ჩვენთან არ არის დიფერენცირებული ამ მხრივ ტარიფები და ახლა გასაშუალებული განფასება ხდება. მართალია, კვტ/სთ ელექტროენერგია საშუალოდ 6 ცენტზე მეტი არ გვიღირს, მაგრამ პიკურ საათებში შეიძლება, გვიღირდეს. ჩვენი სისტემა აქამდე ალბათ, მივა. ბევრ ქვყანაში, სადაც ეს დანერგილია, სახლის გათბობის სისტემებს, თუ სარეცხის მანქანებს ღამე იყენებენ, რათა იმ საათებში ჰქონდეთ მაღალი მოხმარების მაჩვენებელი, როცა ტარიფები დაბალია“, - განმარტავს გაჩეჩილაძე.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გასაღების ბაზრებს, არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, ამ მხრივ ლიდერი ისევ თურქეთია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ფასები შემცირებულია.
"საქართველოსგან განსხვავებით, თურქეთში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნაა. ჩვენთანაც მგონია, რომ ზაფხულის თვეების მოხმარება უფრო მასიურად გაიზრდება, ვიდრე ზამთრის და შეიძლება, ექსპორტზე გატანის აუცილებლობა აღარც იყოს. ახლა სახელმწიფო ცდილობს, რომ თავისი სისტემის დანაკლისი დაიკომპენსიროს. ჭარბი ენერგია კი ჯერ-ჯერობით ზაფხულში გვაქვს, თუმცა თუ ბოლო წლების ტენდენციას დააკვირდებით, ზაფხულის თვეებში უფრო მეტად მატულობს ჩვენთან მოხმარება, განსაკუთრებით - ივლის-აგვისტოში“, - აცხადებს Galt&Taggart-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ ახალ სატარიფო მიდგომაზე, რომელიც სამომავლოდ აშენებული ჰესებისგან ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ფასს არეგულირებს, ენერგეტიკის სამინისტრომ კერძო სექტორთან მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა. სახელმწიფო ერთ კვტ/სთ ელექტროენერგიას მაქსიმუმ 6 ცენტად, წელიწადში რვა თვის განმავლობაში, სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით შეიძენს.

























