მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ კალათბურთის განვითარებისთვის, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა უნდა მოაწესრიგოს - გიორგი ზურაბიშვილი

631c5c6a22383
თამთა ჯიჯავაძე
10.09.22 14:15
653
კალათბურთის განვითარებისთვის, სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა, - ასე უპასუხა კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა გადაცემა BMG Drive-ში შეკითხვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში სპორტის აღნიშნული სახეობა.

როგორც ზურაბიშვილი მიიჩნევს, კალათბურთის, როგორც სპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეობის განსავითარებლად ხარჯი სახელმწიფომ უნდა გაიღოს.

„ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია. ჯერ თვითმმართველობები უნდა გაძლიერდნენ, მათ უფრო მეტი ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს და შემდეგ უკვე თანხები უნდა გამოიყოს იმისთვის, რომ სპორტის ინფრასტრუქტურისთვის ფული დაიხარჯოს, აშენდეს გარე სტადიონები და ა.შ“, - აღნიშნა მან.

გიორგი ზურაბიშვილმა თბილისის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის ქუჩებში კალათბურთის სტადიონების რაოდენობა ცოტაა. არადა, მისივე თქმით, ყველაზე მარტივი სწორედ კალათბურთის სტადიონის მოწყობაა.

„ფარი უნდა ჩამოკიდო. კალათბურთი ჩვეულებრივ ასფალტზეც შეიძლება ითამაშო და არ არის საჭირო მაღალხარისხიანი საფარის დაგება. კალათბურთი საქართველოში ქუჩის სპორტად არაა ჩამოყალიბებული, არადა ყველაზე „ქუჩური“ სპორტია. მაგალითად, ამერიკაში ყველგან კალათბურთის სტადიონია. ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. ბავშვი ვიდრე სპორტულ აკადემიამდე მივა, მანამდე გარეთ, ეზოში უნდა ითამაშოს. თავიდან ქუჩაში ვიწყებთ თამაშს. ამას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, არასამართლიანია ის, რომ სახელმწიფო კალათბურთში დიდ რესურსს არ ხარჯავს. „იმის ფონზე, რა შედეგებიც კალათბურთში გვქონდა, ვფიქრობ, რომ სპორტის ეს სახეობა რესურსის თვალსაზრისით გაცილებით მეტს იმსახურებდა. ეს ერთ-ერთი ისეთი სპორტია, რომელშიც ძალიან დიდი ნიჭი გვაქვს და შედეგებიც. ამიტომ გაცილებით უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს სახელმწიფომ“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობაში კალათბურთის სფეროს განსავითარებლად და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობისთვის 100 მილიონი ლარის ინვესტირებაზე ფიქრობდნენ. BMG გააგრძელებს მუშაობას თემაზე, თუ რა თანხა დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები