მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფომ კომპანიებს შეღავათები უნდა გაუკეთოს, რომ ლარის გამყარების კრიზისს გადაურჩნენ“

6445747f80837
ლიკა მეგუთნიშვილი
23.04.23 22:17
646
„გამყარებული ლარი ცალსახად გამოწვევაა ექსპორტიორებისთვის. ექსპორტიორ კომპანიებს, რომლებიც უცხოურ ვალუტაში იღებენ შემოსავალს, გამყარებული ლარის გამო შემოსავლები შეუმცირდათ“, - ამის შესახებ BMGtv-ს გადაცემა „ანალიტიკა“-ში სტუმრობისას ექსპორტის განვითარების ასოციაციის დირექტორმა, გიორგი გუდაბანიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ სხვა დანახარჯები ბიზნესისთვის არ იცვლება. ამ ფაქტორების ერთობლიობა, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესისთვის პრობლემას წარმოადგენს.

„რამდენიმე ბიზნესმა ლარის გარკვეული ნიშნულიც კი დაასახელა, რომლის ჩამოცილების შემთხვევაში, მათ შესაძლებელია, ექსპორტი საერთოდ გააჩერონ. როდესაც ეროვნული ვალუტა მყარდება და ბიზნესს შემოსავლები უმცირდება, მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად მათ დანახარჯები შეუმცირდეთ. თუმცა, დღეს არსებული მდგომარეობით, სრულიად საპირისპირო სურათია.

თუ კომპანიის გაყიდვებში დიდი წილი ექსპორტს უჭირავს, მათთვის ეს ფაქტორი განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება“, - აცხადებს გიორგი გუდაბანიძე.

როგორც ის აღნიშნავს, იმისთვის, რომ ლარის გამყარებამ ექსპორტიორი კომპანიები მნიშვნელოვნად არ დააზარალოს, მათთვის ხარჯების შესამცირებლად სახელმწიფომ გარკვეული ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ კომპანიებს შეუმცირდეთ დანახარჯები, ამაში იგულისხმება თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან დანახარჯების შემცირება და გარკვეული შეღავათების გაკეთება იმისათვის, რომ რიგი კომპანიები ამ კრიზისს გადაურჩნენ. ვინაიდან, მათ აუცილებლად უნდა შეძლონ ოპერირების გაგრძელება ბაზარზე და ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაინტერესებულ პირებს წარმოებული პროდუქცია თუ კონკრეტული მომსახურებები შეუფერხებლად მიაწოდონ.

კარგად უნდა გვესმოდეს კიდევ ერთი ფაქტორი, საქართველო რაც უფრო მეტ პროდუქტს გაიტანს ექსპორტზე, განსაკუთრებით განვითარებულ ბაზრებზე, ეს ავტომატურად მისი მიმზიდველობის ზრდასა და ქვეყანაში პოტენციური ინვესტორების მოზიდვას განაპირობებს“, - განაცხადა ექსპორტის განვითარების ასოციაციის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები