მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფომ მოსამართლეების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველანაირი ინვესტიცია უნდა ჩადოს"

579d95de3e800
BM.GE
31.07.16 10:06
1314
ბიზნესი და სასამართლო ხელისუფლება თანხმდება - სასამართლოში ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების დეფიციტია და სწორედ ეს იწვევს იმას, რომ ბიზნეს დავების განხილვას საქართველოში ძალიან დიდი დრო ჭირდება. როგორ უნდა მოგვარდეს საკითხი და რა მოლოდინი აქვს ბიზნესს? - თემაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მდივანი ზვიად ჭუმბურიძე საუბრობს.

- ბიზნესსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის პირველი შეხვედრა გასულ თვეს გაიმართა, რა შედეგებით დასრულდა ის?

-მთავარი ისაა, რომ შევეცადეთ და გავხსენით ის დიალოგი, რომელიც ბიზნესსა და სასამართლოს შორის უნდა ყოფილიყო. ორსაათნახევარი საოცარი ჩართულობა იყო ბიზნეს კომპანიების მხრიდან, ასევე საოცრად დადებითი განწყობა მოსამართლეების მხრიდან. ორივე მხარე აქტიურობდა. თავიდან, როდესაც მე ეს შეხვედრები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დავიწყე, ვგრძნობდი, რომ ერთგვარი მორიდება იყო, ბუნებრივია, როდესაც პირველად ხდება ასეთი ტიპის შეკრება უშუალოდ ბიზნესმენებსა და მოსამართლეებს შორის ურთიერთობა, ცოტა მორიდება იგრძნობოდა, მაგრამ შემდგომში ეს დიალოგი გაიხსნა. ჩვენ, რაც მთავარია იმაზე შევთანხმდით, რომ დეკემბერში ამ შეხვედრის მეორე რაუნდი გვექნება, სადაც უფრო ფართო მასშტაბით ჩაერთვება ბიზნეს კომპანიები, ფორმატი იზრდება, იმიტომ რომ წინა შეხვედრას დაახლოებით 35-მდე ბიზნეს კომპანია ესწრებოდა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს რიცხვი გაორმაგდება და რაც მთავარია და ყველაზე საინტერესოა ის, მოსამართლეები ამ დიალოგისთვის მზად აღმოჩნდნენ. გეტყვით, რომ ასეთ შედეგს არ ველოდით. არცერთ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებად ქვეყნებშიც ასეთი ფორმატი არ არსებობს. ბიზნესი მოსამართლეებს არ ხვდება, ვინაიდან ინსტიტუციონალურად იმ სახელმწიფოებში ყველაფერი დალაგებულია.

- პირადად თქვენთვის ნიშნავს თუ არა ეს გარკვეულწილად აღიარებას სასამართლოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს პრობლემა, რომელზეც ბიზნეს გაერთიანებები საუბრობენ მართლაც სერიოზულად დგას?

- ის, რომ სასამართლოს ევროპული მოდელით შესაბამისი რეფორმა და მოდერნიზება სჭირდება, ამაზე ორი აზრი არ არის. ამაზე თვითონ მოსამართლეებიც საუბრობენ. რახან უკვე ამაზე საუბარი დაიწყო და თავად მოსამართლეებს აქვთ ძალიან დადებითი განწყობა იმისა, რომ თუნდაც ბიზნესს დაეხმარონ და არ იყოს რამე სერიოზული დარღვევები სასამართლო განხილვების დროს, ეს თავისთავად ძალიან კარგია. ჩემი აზრით, პირველ რიგში მოსამართლეს ძალიან სერიოზული ხელფასი უნდა ქონდეს, ასევე მას უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურულად მოწყობილი გარემო, რომ ყველა განხილვა თუ ნებისმიერი შეხვედრა გამართულად ჩაატაროს. რაოდენობა უნდა იყოს აუცილებლად მოსამართლეების დაკმაყოფილებული და ბოლოს, კვალიფიკაცია, ვინაიდან ბიზნესს კვალიფიციური და მომზადებული მოსამართლე სჭირდება.

- კვალიფიკაციის ასამაღლებლად სასამართლომ რა უნდა მოიმოქმედოს?

-პირველ რიგში ის, რომ სახელმწიფომ ამაში თანხა უნდა ჩადოს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი მილიონი დასჭირდება, თუ ჩვენ გვინდა რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვიყოთ და მუდმივად რყევები არ იყოს, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნის ყველაზე მთავარი ნაწილია. ამიტომ, სახელმწიფომ ყველანაირი ინვესტიცია უნდა ჩადოს, რომ მოსამართლეები მომზადნენ, იყოს გადამზადების კურსები, ამ მხრივ ჩვენც შეგვიძლია სახელმწიფოს დახმარება გავუწიოთ, ვინაიდან ჩვენს ასოციაციას ამ შემთხვევაში კონტაქტი აქვს ევროკავშირთან და შესაძლოა რაღაც პროგრამულად ისე აეწყოს, რომ გადამზადების მოკლევადიანი სტაჟირებები იყოს მოსამართლეებისთვის და გარდა ამისა, მთავარია მათ რაოდენობრივად ჰყავდეთ მოსამართლეები. დღეს 281 მოსამართლეა საქართველოში. ჩვენი მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად მინიმუმ 800 მოსამართლე უნდა გვყავდეს. დაუჯერებელია, მაგრამ თითო მოსმართლეს 300-დან 500 საქმეზე მეტი აწერია.

- კომერციული ატაშეების ინსტიტუტების დამკვიდრებასა და შემოღებაზე როგორია თქვენი დამოკიდებულება?

-ჩვენ გავიარეთ ის პერიოდი, როდესაც მე და ჩემი კოლეგები ამ ფუნქციას ვასრულებდით. ჩვენი საელჩოები მცირერიცხოვანია და რეალურად ჩვენ ამის ვალდებულება გვქონდა აღებული. სამი მოთხოვნაა: პირველი - უნდა იყოს მაღალკვალიფიციური, თუ კვალიფიკაცია არ ექნება ელჩისთვის ეს პრობლემა იქნება. ქვეყნები და რეგიონები აუცილებლად შერჩეული უნდა იყოს, თუ სად ვაგზავნით კომერციულ ატაშეს, ანუ ფული რაზე იხარჯება. არის ქვეყნები, სადაც ჩვენ აბსოლუტურად არ გვჭირდება კომერციული ატაშე. მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ეს აუცილებელია და ვფიქრობ, თუ ეს სისტემურად დალაგდება ძალიან კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და შედეგებსაც გამოიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები