დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, შესაძლოა სპეციალური მოსამზადებელი კლასები გაიხსნას, რომელიც მოსწავლეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარებისთვის მოამზადებს. განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, უნდა გაძლიერდეს საფეხური, რომლის გავლის შემდეგა,ც აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე ბარიერს გადალახავენ.
"ხშირად ისმის წუხილი, რომ ჩვენი სკოლა ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს უმაღლესი განათლებისთვის მოსწავლეების მომზადებას. ყველა შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, აბიტურ კოლეჯებით თუ გიმნაზებით, რომ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, მიიღონ ისეთი ცოდნა, რომლითაც უმაღლესში მოხვდებიან. ჩვენი ერთ-ერთი ნაბიჯიც ეს იქნება, რომ შევქმნათ, გავაძლიეროთ ახალი საფეხური, რომ ის ხალხი ვინც დაამთავრებს ზედა კლასებს, იყოს სრულიად მზად რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერი გადალახოს“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის დაწევა სწორად არ მიაჩნია.
მინისტრის თქმითვე სამინისტრო, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც ასაკის გამო სკოლებში ჩარიცხვა არ შეუძლიათ, ე.წ. 0 კლასის მსგავსი მექანიზმის შექმნაზე მუშაობს.
„რა თქმა უნდა ძალიან ძნელია 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვის დედა აუხსნა, რომ 14 სექტემბერს დაბადებულზე უფრო ნაკლებად მზად არის მისი შვილი სასკოლო პროცესისთვის. გრძელვადიან პერიოდში ამის პასუხი არის ალბათ რასაც საბჭოთა დროს ერქვა ნული კლასი, ანუ წინასასკოლო მომზადება. ეს არის 5 წლის ასაკის ბავშვებისთვის ვინ სკოლისთვის მზად არ არიან, თუმცა ბაღისთვის დიდები არიან“, - განაცხადა მინისტრმა.

























