მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფომ უნდა გამოყოს მედიკამენტები, რაზეც აქვს ინტერესი, რომ ფასები დაწიოს"

5d1a1dcec038a
ელენე გოგბერაშვილი
01.07.19 20:15
980
ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის პოსტზე წარდგენისას განაცხადა, რომ ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგება სამინისტროსთვის პრიორიტეტი იქნება, რათა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი მედიკამენტები.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელის ირინა ჭელიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა იგულისხმა ახალმა მინისტრმა ბაზრის მოწესრიგებაში, თუმცა სექტორმა უკვე მიმართა ჯანდაცვის უწყებას მის ხელმძღვანელთან შეხვედრის თხოვნით, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ეს შეხვედრა ჯერ ვერ შედგა.

„ალბათ განგვიმარტავს, რა ჰქონდა მხედველობაში“, - აცხადებს BM.GE-ისთან ირინა ჭელიძე.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ მედიკამენტებზე მოსახლეობის დანახარჯების შემცირების კუთხით მთავრობას აქვს კონკრეტული ინიციატივა, კერძოდ, ისინი გაზრდიან დაფინანსებას, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ინიციატივა კარგია, თუმცა სახელმწიფომ უნდა გამოყოს ის პრეპარატები, რაზეც ინტერესი აქვს, რომ ფასები დაწიოს.

„ალბათ უმჯობესია ასოციაციაში ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ჩვენი ინიციატივით შევიდეთ, რათა გამოყოს სახელმწიფომ ის პრეპარატები, რამდენიმე დასახელების მედიკამენტი, ათეული იქნება თუ ასეული, რაზეც ინტერსი აქვთ, რომ დაიწიოს ფასებმა.  თანადაფინანსებას მე ვუყურებ დადებითად. ეს რეალურია, რომ გაკეთდეს, მაგრამ თუ ფიქსირების კუთხით წავიდა სახელმწიფო ეს უარეს შედეგს გამოიღებს“, - აცხადებს ირინა ჭელიძე.

რაც შეეხება მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, კითხვაზე -  როგორ აფასებს ინდუსტრია ამ პროგრამის ეფექტიანობას, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ის ამ პროგრამაში ხარვეზს ხედავს.

„ვისაც ეს პროგრამა ეხებოდა, მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ინტენსიურად უნდა ყოფილიყო გაშუქებული ტელევიზიით, პენსიონრებს უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია პენსიის აღებისას ბუკლეტების საშუალებით და ა.შ. ბევრმა დღესაც არ იცის ამ პროგრამის შესახებ, ვისაც ეხება“, - აცხადებს ირინა ჭელიძე.

შეგახსენებთ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს 10 მილიონი გამოყო, წელს კი უფასო მედიკამენტების პროგრამისთვის 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ დროისთვის პროგრამის ბენეფიციარებს 41 დასახელების მედიკამენტით სარგებლობა შეუძლიათ.

ის, რომ პროგრამის მონაწილეთა ჩართულობა დაბალი იყო, ამას ჯანდაცვის უწყებაც აღიარებს, თუმცა მათი განმარტებით, ჩართულობის ტემპი ეტაპობრივად იზრდება და თუ ყოველთვიურად პროგრამაში მხოლოდ 800 პაციენტი ერთვებოდა, სამინისტროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 4100 ბენეფიცირამდეა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები