საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ბოლო დღეებში კლუბებში განხორციელებულმა სპეცოპერაციამ საქართველოში ნარკოპოლიტიკაზე დისკუსია გახსნა.
როგორც BM.ge-ის ჩოგოვაძემ განუცხადა, დისკუსიის გახსნა მნიშვნელოვანია, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ „მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილება, თუ როგორ საზოგადოებას ვაშენებთ“.
კითხვას - დააფრთხობს თუ არა ტურისტებს „ბასიანსა“ და „გალერიში“ 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციები, ჩოგოვაძემ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.
„კარგია, რომ ეს დისკუსია გაიხსნა, რამეთუ სახელმწიფომ და საზოგადოებამ მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები, თუ როგორ საზოგადოებას ვაშენებთ - უნდა იყოს ნარკოტიკები თუ არ უნდა იყოს. დისკუსიების შედეგად, მომავალში ალბათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ტურისტების რაოდენობით წელს ახალი რეკორდი დამყარდება - რვა მილიონ ვიზიტორს ველოდებით. რაც შეეხება ბოლო დღეების მოვლენების გავლენას, ნამდვილად არ მაქვს ზუსტი მონაცემები, ტურისტების რა ნაწილი სარგებლობს კლუბებით გართობის დროს. მაგრამ ანალიზის საფუძველზე შესაძლოა, ესეც გაირკვეს“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.
ცნობისთვის: საქსტატის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2017 წელს საქართველოში ვიზიტის ყველაზე ხშირი მიზანი გართობა და დასვენება იყო.

























