მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს აბასთუმანში 30 მლნ ლარამდე უკვე დახარჯული აქვს - მგფ

649d681ca2f6b
ელენე გოგბერაშვილი
29.06.23 17:22
712
აბასთუმანში მნიშვნელოვანი საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტები დასკვნით ეტაპზეა. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, რომ ფონდი ყველა მიმდინარე პროექტს კურორტზე 2024 წლის პირველ ნახევარში დაასრულებს.

დავით ტაბიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე მგფ-ს საკურორტო ზონაში 70 მლნ ლარის ღირებულების მიმდინარე პროექტები აბარია. მისივე ინფორმაციით, სახელმწიფოს აბასთუმანში 30 მილიონ ლარამდე უკვე დახარჯული აქვს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, უკვე დასრულებულია 20-მდე ისტორიული სახლის, ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და საბაგირო გზის რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„ჯერჯერობით კონტრაქტი ფონდს არ აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია როშა პარკის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის პროექტი. ეს არის ერთადერთი ცენტრალური პარკი აბასთუმნის ტერიტორიაზე. მგფ-მა ობსერვატორიის რეკონსტრუქცია უკვე განახორციელა და ამჟამად მივადექით ახალი ტელესკოპის მონტაჟს და ასევე ციფრული მუზეუმის გაკეთებას ამ რეაბილიტირებულ შენობაში.

რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, ვფიქრობთ, 2024 წლის პირველ ნახევარში აბასთუმანში სრულად მოვრჩებით საქმიანობას, ვინაიდან მწვანე და ლურჯი კორიდორების პროგრამა აქტიურ ფაზაში გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მალე დავასრულებთ. ისევე როგორც დიდ პარკინგს აბასთუმნის შესასვლელში, რათა ის იდეა, რომ აბასთუმანი გახდეს მწვანე და ძალიან მნიშვნელოვანი კურორტი ქვეყნისთვის, დროულად მოვახერხოთ.

დღეის მდგომარეობით, ფონდს 70 მლნ ლარის კონტრაქტები აქვს, რაც მიმდინარეა. სახელმწიფოს 20-30 მლნ ლარი უკვე დახარჯული აქვს აბასთუმანში სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის“,-აცხადებს დავით ტაბიძე.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის შესასვლელში, გრძელდება 770-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი, ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი, ავტოსადგომის მშენებლობა; მიმდინარეობს ასევე დაბის მწვანე და ლურჯი დერეფნების რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს საფეხმავლო და ველო ბილიკების, რეკრეაციული და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას, ცენტრალური გზისა და სხვა ობიექტების აღდგენას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები