მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს ჩარევა ბაზარზე - 2020 წელს ყურძნის მოსავლის თითქმის 1/3 მთავრობამ შეიძინა

60717d3b6fc62
შოთა ტყეშელაშვილი
10.04.21 14:13
2055
2020 წლის რთველში საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო ზომის - 104 მილიონი ლარის პირდაპირი სუბსიდია გასცა და მევენახეებისგან ამ ღირებულების ყურძენი შეიძინა - ამის შესახებ 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, სუბსიდიის მოცულობა 2019 წელთან შედარებით 20 მილიონი ლარით გაიზარდა. 

რთველის სუბსიდირების არსებული მოდელის მეშვეობით, მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ ღვინის ქარხნებს ყურძნის შესყიდვას ავალებს და პროცესს სახელმწიფო სუბსიდიით აფინანსებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხნები შემდგომ ამ ყურძენს გადაამუშავებენ და მისგან სპირტს და ღვინო-მასალას აწარმოებენ, რაც შემდგომში აუქციონების გზით იყიდება და მას საკუთარ პროდუქციაში ღვინის და კონიაკის კერძო მწარმოებლები იყენებენ. მთავრობის განცხადებით სუბსიდიის არსებული მოდელი საჭიროა, რათა ბაზარზე "ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს".

"საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2020 წლის რთველის ფარგლებში ყურძნის მიღება-გადამუშავების (კომპანიების სუბსიდირების), ასევე რთველის ორგანიზებულად ჩატარების და ღვინის კომპანიების წინაშე აღებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების მიზნით, მიმართულმა ასიგნებებმა შეადგინა 104.3 მლნ ლარი. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 310.0 მლნ ლარს მიაღწია", - ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თუკი მთლიანად რთველის პროცესში მევენახეებმა 310 მილიონი ლარის შემოსავალი ნახეს და აქედან 104 მილიონი ლარი სწორედ სახელმწიფო სუბსიდიას წარმოადგენდა, გამოდის, რომ ქვეყანაში მოწეული მოსავლის 1/3 სწორედ სახელმწიფომ შეიძინა. ეს კი თავის მხრივ, ყურძნის ბაზარზე სახელმწიფოს მნიშვნელოვან მონაწილეობაზე მეტყველებს. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, სუბსიდირების პროცესი გამარტივებული შესყიდვებით წარიმართა: 

2020 წლის 31 ივლისს, შესყიდვების სააგენტომ გასცა თანხმობა ღვინის კომპანია სს "აკურაზე", რომელიც იმ პერიოდისთვის სრულად სახელმწიფო საკუთრებაში იყო, რათა მას მევენახეებისგან გამარტივებული წესით 50 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენი შეეძინა და მისი გადამუშავება მოეხდინა;

2020 წლის 24 სექტემბერს, გაიცა თანხმობა ს.ს. "აკურას" მიერ გამარტივებული წესით დამატებით 35 მილიონი ლარის ღირებულების ყურძნის შესყიდვა/გადამუშავებაზე;

2020 წლის 21 ოქტომბერს გაიცა თანხმობა ს.ს. "აკურას" მიერ გამარტივებული წესით დამატებით 10 მილიონი ლარის ღირებულების ყურძნის შესყიდვა/გადამუშავებაზე;

2020 წლის 25 სექტემბერს გაიცა თანხმობა შპს "მოსავლის მართვის კომპანიაზე", რათა მას გამარტივებული წესით  დამატებით 15 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენი შეეძინა და გადაემუშავებინა. 

შესაბამისად, ოთხივე გამარტივებული შესყიდვის ღირებულებამ 110 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც ირკვევა ამ თანხიდან 104 მილიონი ლარის ათვისება მოხდა.

2017 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას ამ მოდელით ახდენს. შედარებისთვის, 2019 წელს შესყიდული ყურძნის ღირებულება 80 მილიონი ლარი, 2018 და 2017 წლის სუბსიდია კი 40 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები