“სახელმწიფოს დმანისში მდებარე 16 ჰექტარ მიწაზე ხელახალი აუქციონის გამოცხადების სამართლებრივი უფლება არ აქვს“, - ამის შესახებ ,,ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში ,,საქმიანი დილა” განაცხადა.
"თუ ეს მოხდა, ჰოლანდიის სამართალდამცავი ორგანიებისათვის, რომლებსაც იმ დროისთვის უკვე ექნებათ ინფორმაცია RMG-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება იმ პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც საქართველოშია", - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, თანხების მობილიზება "დმანისის გადარჩენის ფონდში" გრძელდება, რადგან მათ სურთ იურიდიული ჯგუფის დაქირავება, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წარმოებაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, აპირებენ დავა RMG-ის წინააღმდეგ ჰოლანდიაშიც დაიწყონ, რადგან კომპანია სწორედ ჰოლანდიაშია რეგისტრირებული.
"ჩვენ დიდი სამართლებრივი დავა გვექნება სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ ის დარღვევები რომელიც უკვე გამოვავლინეთ ტერიტორიაზე რომელზეც აუქციონი გამოცხადდა, პოლიტიკური კორუფციის დამადასტურებელია. მთელი სახელმწიფო აპარატია ამაში მობილიზებული. ქარხანა, რომელზე ნებართვაც არ არსებობს, სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდაა აშენებული, ასევე სახელმწიფოს ტერიტორიას იყენებენ ნარჩენების დასაყრელად, უკანონობების მთელი კასკადია", -განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, მზადდება სარჩელები როგორც ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებში წარსადგენად, ასევე მიმართავენ ჰოლანდიელ სამართალდამცველებსაც.

























