იმისთვის, რომ ქვეყანაში ინკლუზიური განვითარება მოხდეს, სახელმწიფოს პრიორიტეტი განათლება უნდა გახდეს, - ამის შესახებ ,,საქმიანი დილის“ ეთერში PMC -ის კვლევითი მიმართულების დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა. მისი აზრით, თუ ასე არ მოხდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბეში იცხოვრებს.
"ინკლუზიურობა ნიშნავს, რომ განვითარება თანაბრად შეეხოს ყველას, რასაც დღეს ვერ ვახერხებთ. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი განათლებაა, რაზეც მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება. მოწყვლადი ჯგუფები ვერ ახერხებენ ბავშვებისთვის კარგი განათლების მიცემას სკოლაში, შემდეგ უმაღლესის დონეზე და მერე მთელი ცხოვრება ადამიანი არის სიღარიბის ზღვარზე“ - განაცხადა ხიშტოვანმა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ჩვენი უცხოელი პარტნიორების რჩევა არის ის, რომ განათლება ქვეყანაში პრიორიტეტული უნდა გახდეს.
"სწორედ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ინკლუზიურობას, განათლება არის პრიორიტეტი. ინკლუზიორობა კი ნიშნავს იმას, რომ ყველას შეეხოს კეთილდღეობა. ჩვენი ქვეყანა არათანაბრად ვითარდება, ეკონომიკა არ იზრდება იმის ხარჯზე, რომ მეტი ადამიანი მუშაობს, არამედ ჩვენ ვიზრდებით იმის ხარჯზე, რომ იმ მოსახლეობის ნაწილის პროდუქტიულობა და შემოსავლები იზრდება, რომელიც დასაქმებულია, ეს მცირე ნაწილია, უფრო დიდი ნაწილი კი ვერ მდიდრდება.
ჩვენ გვაქვს ორი გზა, ერთი, რომ მთლიანი აქცენტი გაკეთდეს განათლების თემებზე და მეორე, იმის ნაცვლად, რომ ამაში ჩაიდოს მთელი სახელმწიფო ძალისხმევა, გავაგრძელოთ ახალი სოციალური პროექტებით იმ მოსახლეობის დახმარება, რომელიც სიღარიბის ზღვარზეა, იმისთვის რომ სოციალური პროტესტი არ მოხდეს“ - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

























