მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფოსთან სასამართლო დავის გამო, "ჯორჯიან მანგანეზი" ახალი ფაბრიკის პროექტისთვის ბანკებისგან სესხს ვერ იღებს"

5906dc07bb75f
სალომე მეცხვარიშვილი
01.05.17 11:46
1862
სახელმწიფოსთან სასამართლო დავის გამო "ჯორჯიან მანგანეზი" ახალი ფაბრიკის პროექტისთვის სესხს ბანკებისგან ვერ იღებს, - ამის შესახებ "საქმის კურსს" "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსურმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, 22 - მილიონდოლარიანი პროექტიდან 75% სწორედ ბანკიდან მოზიდული სახსრები უნდა ყოფილიყო, რაც ამ ეტაპზე სასამართლო დავის გამო შეუძლებელია.
საუბარია ახალ ფაბრიკაზე, რომელიც ჭიათურაში უნდა აშენდეს და რომლის შესახებაც კომპანიამ მიმდინარე წლის მარტში განაცხადა.

"ამ ეტაპზე მოხდა შესაბამისი ნებართვის მიღება, დღეისთვის იგეგმება სამშენებლო სამუშაოები, დგება გეგმა-გრაფიკები და უახლოეს მომავალში ვფიქრობთ, რომ ამ ქარხნის მშენებლობას დავიწყებთ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საგადასახადო ორგანოებთან დავა. ამის გამო, სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ბანკებიდან მოვიზიდოთ შესაბამისი სახსრები. დაახლოებით 20-დან 22-მილიონამდე დოლარის ფარგლებშია ინვესტირება, საიდანაც 75% უნდა დაფინანსებულიყო ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან საქართველოში. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები შეჩერებულია ბანკებში, რადგან ამხელა საგადასახადო დავის პირობებში, საბანკო დაფინანსებაზე ზედმეტია საუბარი. იმ ნაწილს, რომელიც ეხება წინამოსამზადებელ სამუშაოებს, ამ ნაწილს აუცილებლად დავიწყებთ ჩვენით",-აცხადებს მერაბ ლომინაძე.

რაც შეეხება ქარხანას, მისი თქმით, ეს არის გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომლის ამოქმედების შემდგომ დანაკარგები დაახლოებით 3%-მდე შემცირდება.

"მოხდება ეკოლოგიური საკითხების გადაწყვეტა სრულად. კერძოდ, ვგულისხმობ, ე.წ. შლამების ჩაშვებას მდინარე ყვირილაში, ეს ყველაფერი გამოიწვევს ძალიან დადებით ეფექტს როგორც თვითღირებულების თვალსაზრისით, ასევე, ეკოლოგიურუი თვალსაზრისით. სახელმწიფოსთვის ეფექტი იქნება ის, რომ თვითღირებულების ხარჯზე, მოხდება ჩვენი ფისკალური ეფექტის სახელმწიფოსთვის გაზრდა მოგების გადასახადის გაზრდის კუთხით და ეს იქნება ორმხრივად მომგებიანი პროექტი",- აცხადებს ლომინაძე.

მისი თქმით, საგადასახადო დავა სახელმწიფოსთან მეორე ინსტანციაშია. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელს იმედი აქვს, რომ კომპანია დავას მოიგებს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს",- განუცხადა ლომინაძემ "საქმის კურსს".

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" 200 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჯორჯიან მანგანეზის 2012 - 2015 წლების საქმიანობით დაინტერესდა, სამსახურმა ამ პერიოდის ფინანსური ანგარიშგეგებების შესწავლის შემდეგ კომპანიას ჯარიმა დააკისრა. დავა სხვადასხვა ეპიზოდს, მათ შორის ჭიათურის მაღაროს მიმდებარედ არსებულ ნარჩენებსაც შეეხებოდა, შემოსავლების სამსახურის პოზიციით ნარჩენებიც ისეთივე პროდუქციას წარმოადგენდა, როგორც მადნეული და მის დაბეგვრასაც მოითხოვდა. ჯორჯიან მანგანეზმა შემოსავლების სამსახურს Ernst & Young-ისა და Price waterhouse Coopers-ის აუდიტორული დასკვნებიც წარუდგინა, თუმცა ისინი შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები