საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 25 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა 7.0 პროცენტზე. სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდება, თუმცა მესამე კვარტალის განმავლობაში ის პროგნოზირებულთან შედარებით მცირედით დაბალი იყო.
"მსურს მნიშვნელოვანი განმარტება გავაკეთო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს წერტილოვანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკის განხორციელების დროს ყოველთვის ვუმიზნებთ საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან ინფლაციას. თუმცა იმის, გამო რომ შოკები მუდმივად ხდება ინფლაცია ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან, ის მიზნობრივ მაჩავენებლზე უფრო მაღალი და ზოგჯერ უფრო დაბალი იქნება. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის თარგეთი არის 3% ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას 0-3%-მდე, ანუ 3 პროცენტი არ არის ზღვარი, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3%-თან ახლოს. ამასთან როგორც უკვე აღვნიშნე ფაქტობრივი ინფლაცია ეგზოგენური შოკების გამო ზოგჯერ 3%-ზე მაღალი ხოლო ზოგჯერ 3%-ზე დაბალი იქნება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ . მისივე თქმით, სექტემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიურმა ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, საიდანაც თამბაქოს პროდუქტებისა და საწვავის წვლილი 2.5 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.
„ინფლაციის მაჩვენებლის ეს დონე დროებითია. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, როგორც ადრევე გვქონდა დაანონსებული, თუმცა შემცირების დინამიკა ექნება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი, ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთანავე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაციური მოლოდინები არ შეცვლილა და ფასების ზრდაზე დამატებით ზეწოლას არ ქმნის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკის დამატებითი რეაგირების საჭიროება დღესდღეობისთ არ იკვეთება. თუკი ადგილი არ ექნება დამატებით შოკებს, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება და მის ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება.
2017 წლის დასაწყისიდან სახეზეა ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება. წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდა 4.7 პროცენტი იყო. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5 პროცენტამდე გაზარდა. ეკონომიკური აქტივობის აღნიშნული წახალისება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო სექტორის გაუმჯობესებამ, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამოიკვეთა და ამ ეტაპზეც ნარჩუნდება. მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე შემოსავლები ტურიზმიდან. კვლავ მატულობს ფულადი გზავნილების მოცულობაც, თუმცა საგარეო შოკამდე არსებულ დონეს ის ჯერ კიდევ ჩამორჩება. ამასთან, ზომიერად იზრდება იმპორტი. მიუხედავად გაუმჯობესებული აქტივობისა, შიდა მოთხოვნა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობა კვლავ პოტენციურ დონეზე ნაკლები რჩება და, შესაბამისად, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ ქმნის", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

























