„ახლა გვჭირდება ბიზნესის ძალიან ცხადი პოზიცია, ვინ სად დგას“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ Start business solutions-ის მმართველმა პარტნიორმა, ლარისა პატარაიამ ისაუბრა.
ლარისა პატარაიას ინფორმაციით, 15 იანვარს, 15:00 საათზე დაანონსებული საყოველთაო გაფიცვა არის პირველი მცდელობა, როდესაც ბიზნესმა ხმის ამაღლება და ხელისუფლებისთვის გაგონება გადაწყვიტა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თავის ხალხს მოუსმინოს.
„ბიზნესი არის გამწევი ძალა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ქმნის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გზავნილი გაგებული იყოს არსებული ხელისუფლების მიერ. ამით ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ მოგვისმინოს და შეასრულოს ის ორი უცვლელი მოთხოვნა, რომელიც ქართველ ხალხს აქვს. გათავისუფლდნენ უდანაშაულოდ დაკავებულები და დაინიშნოს ხელახალი სამართლიანი არჩევნები. ფაქტობრივად, სხვა გზა არ გვაქვს, რადგან ეს კრიზისი გადავიდა ყველაფერში, გადავიდა ეკონომიკურ კრიზისში და მალე გვექნება საშუალება, რომ ანალოგიურ წინა პერიოდს შევადაროთ არსებული მაჩვენებლები, თუ რა ხდება ეკონომიკაში. შეუძლებელია ეკონომიკა მყარად იდგეს, როდესაც ასეთი რყევებია.
ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ ბიზნესის კარი დაიკეტება, მაშინ სერიოზული პრობლემები შეიქმნება. სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ არის, რადგან პროცესი ისეთ ჩიხშია შესული, უნდა გადატყდეს. შესაბამისად, აქ ყველას ინდივიდუალურად და ინსტიტუციის დონეზე გვაქვს პასუხისმგებლობები. ეს არის აქტივიზმის ერთ-ერთი ფორმა, სადაც ველოდებით, რომ ბენზინგასამართი სადგურები გაჩერდება, რადგან ჩამსხმელი იქ 3 საათით გაიფიცება. ასევე სუპერმარკეტები და აფთიაქები. ძალიან მნიშვნელოვანია ბარები, რესტორნები და ა. შ." - ამბობს პატარაია.
მისივე ცნობით, რასაც საზოგადოება 40 დღეზე მეტია უწყვეტად ითხოვს, ამაში ყველა ერთი არიან. შესაბამისად, ახლა მნიშვნელოვანია ბიზნესის გაცხადებული პოზიცია თუ სად და ვის მხარეს დგანან.
„მოტივირებული ვართ, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს. შესაბამისად, დეესკალაცია რომ მოხდეს, პასუხისმგებლობა არსებულ ხელისუფლებას ეკისრება. ამიტომ, ყველაზე მცირე მეწარმიდან დაწყებული, მსხვილი ბიზნესით დამთავრებული, ყველამ უნდა გაუგზავნოს მესიჯი.
კონტექსტი არის შემდეგი, რომ თუ თანამშრომელს უნდა თავისი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა და პროტესტში ჩართვა, ხელი არ უნდა შეუშალოს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს აქტივობა გაგრძელდება და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ბიზნესის პოზიცია დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან პოზიტიური პოზიცია. დასაქმებულს სჭირდება გარანტია, რომ პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში არ გააგდებენ სამსახურიდან ან არ დააკლებენ ხელფასს. ან ვინ უნდა გააგდონ, როდესაც frontline-ზე კადრების დეფიციტია“, - აცხადებს Start business solutions-ის მმართველი პარტნიორი.
მისივე თქმით, საქართველო არის კრიზისულ სიტუაციაში და მნიშვნელოვანია, რომ რესურსების დაზოგვისთვის მალე გამოვიდეთ მდგომარეობიდან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საგარეო პოლიტიკა იყოს ცხადი, რომ ის არის დასავლური.




























