საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერნეტპროვაიდერების უმეტესობას სახელმწიფო დაფინანსება სურს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ სახელმწიფო კომპანია Open Net-ში განუცხადეს, რომელიც სპეციალურად ინტერნეტიზაციის პროექტისთვის შეიქმნა და ინფრასტრუქურის სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს. როგორც კომპანიის დირექტორი ნინო ქუბინიძე აცხადებს, სახელმწიფოს მიერ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით დაინტერესება გაცილებით მეტმა ოპერატორმა გამოხატა.
ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ინტერნეტპროვაიდერებს შეუძლიათ ინფრასტრუქტურა ან საკუთარი სახსრებით, ან სახელმწიფოს მიერ სესხის თანადაფინანსებით მოაწყონ. "ოუფენ ნეტი" ბენეფიციარის კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას განახორციელებს დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 პროცენტის ოდენობით უცხოურ ვალუტაში და 12 პროცენტის ოდენობით - ეროვნულ ვალუტაში.
ნინო ქუბინიძის ცნობით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ორი ნაწილისგან - ფინანსური ხელშეწყობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტებისგან შედგება. ამ ეტაპზე კი "ოუფენ ნეტი" ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტზე მუშაობს.
როდის დაიწყება უშუალოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, Open Net-ში არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება მას შემდეგ, როდესაც ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი დასრულდება.
"2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით, დასახლებული პუნქტების რაოდენობა, სადაც მოსახლეობა მეტია ან ტოლია 200-ის, უდრის 1918-ს, საიდანაც, თითქმის, ორი მესამედი დაფარულია კერძო ოპერატორის მიერ, ხოლო ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში გამოვლინდება იმ ოპერატორების ნუსხა, რომელთაც თანადაფინანსებით სურთ დანარჩენი დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა",- აცხადებს Open Net-ის დირექტორი.

























