მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საყოველთაო ინტერნეტიზაცია წელს არ დასრულდება - პროექტი 2 წლით ხანგრძლივდება და დამატებით $40 მლნ დაიხარჯება

ოუფენ ნეტი

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულების თარიღი, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბერში იყო, ორი წლით გახანგრძლივდება, პროექტის ბიუჯეტი კი თითქმის 40 მლნ დოლარით იზრდება. ამის შესახებ სასესხო ხელშეკრულების პროექტიდან ირკვევა, რომლის ფარგლებშიც საქართველო რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან (IBRD) Log-In Georgia-სთვის დამატებით თანხას სესხულობს.

როგორც ირკვევა, რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ქსელის ასაგებად თავდაპირველად გამოყოფილი 70 მლნ ევრო (IBRD-ის და ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტი) საკმარისი არ არის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Covid-19-ის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა და გეოპოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია სამშენებლო ხარჯების ზრდა, რის შედეგადაც პროექტის სამშენებლო ნაწილში შეიქმნა ფინანსური დეფიციტი, რომლის აღმოფხვრის გარეშე შეუძლებელია მშენებლობის გაგრძელება და საქართველოს მასშტაბით განსაზღვრული ქსელის დასრულება.

სამშენებლო ტენდერების არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ნავარაუდებია რომ მთიან რეგიონებში 1 მეტრი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება იქნება არანაკლებ 27 აშშ დოლარი, ხოლო
შედარებით მარტივ სამშენებლო ადგილებში 25 აშშ დოლარი.

"ქსელის მშენებლობის ფარგლებში დარჩენილი შესყიდვებისთვის, რომელიც მოიცავს მშენებლობისა და შესაბამისი აპარატურული ნაწილის შეძენას, საჭიროა 37,170,000 აშშ დოლარი, ხოლო მშენებლობის პროცესის საზედამხედველო ხარჯი დამატებით შეადგენს 1,250,000 აშშ დოლარს, რაც ჯამში 38,420,000 აშშ დოლარია. გარდა ამისა, პროექტის განვითარების ხელშეწყობისათვის გათვალისწინებულია 500,000 აშშ დოლარი, ხოლო გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის 1,000,000 აშშ დოლარი, რაც მთლიანობაში შეადგენს 39,920,000 აშშ დოლარს.

ამავდროულად, დღეის მდგომარეობით, პროექტის დასრულების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 31 დეკემბერი, რაც მიმდინარე და დაგეგმილი ტენდერების გათვალისწინებით საჭიროებს ვადის 24 თვით გახანგრძლივებას, ვინაიდან თითოეული ტენდერის დასრულების სრული პროცესი დაახლოებით საჭიროებს 18-19 თვეს",- წერია დოკუმენტში, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

IBRD-ის სესხის ფინანსური პირობები შემდეგია:

  • სესხის თანხა: 35,400,000 ევრო;
  • სესხის ხანგრძლივობა: 25 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 10 წელი);
  • საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი, 6-თვიან EURIBOR-ზე დაფუძნებული + 1.08% მარჟა;
  • ვალდებულების გადასახდელი (Commitment Charge): წლიური 0.25%;
  • ერთჯერადი საკომისიო გადასახადი (Front-end Fee): 0.25%.
  • სესხის ჩამორიცხვის თარიღია 2027 წლის 31 დეკემბერი.

შეგახსენებთ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” დაფუძნდა, რომელსაც საქართველოში ინტერნეტის ფართოზოლიანი კავშირის პროექტის განხორციელება დაევალა. პროგრამა ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზებას გულისხმობს. საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა, შემდეგ კი, 2021 წლიდან, სამშენებლო სამუშაოები Log-in Georgia-ს ფარგლებში, IBRD-ის სესხის საფუძველზე გაგრძელდა. გეგმის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის რუკის თანახმად, ამ დროისთვის აშენებულია 1 850 კმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები