საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ "ოუფენ ნეტი" ასრულებს, გეგმასთან მნიშვნელოვანი ჩამორჩენით მიმდინარეობს. 2025 წლის განმავლობაში პროექტისთვის გამოყოფილია საერთაშორისო დონორული დაფინანსება 53 მილიონი ლარის ოდენობით, საიდანაც 10 თვის განმავლობაში მხოლოდ 25 მილიონი ლარი არის ათვისებული, რაც 53%-იან შესრულებას წარმოადგენს.
პროექტის შესრულების დაბალი ათვისება საპროექტო, სამშენებლო და სატენდერო პროცესის გეგმასთან შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობასთან არის დაკავშირებული.
წელს პროექტის დასრულების თარიღი 2 წლით გახანგრძლივდა, პროექტის ბიუჯეტი კი 40 მილიონი დოლარით გაიზარდა. შესაბამის ცვლილებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება.
როგორც ირკვევა, რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ქსელის ასაგებად თავდაპირველად გამოყოფილი 70 მლნ ევრო (IBRD-ის და ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტი) საკმარისი არ არის.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Covid-19-ის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა და გეოპოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია სამშენებლო ხარჯების ზრდა, რის შედეგადაც პროექტის სამშენებლო ნაწილში შეიქმნა ფინანსური დეფიციტი, რომლის აღმოფხვრის გარეშე შეუძლებელია მშენებლობის გაგრძელება და საქართველოს მასშტაბით განსაზღვრული ქსელის დასრულება.
სამშენებლო ტენდერების არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ნავარაუდებია რომ მთიან რეგიონებში 1 მეტრი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება იქნება არანაკლებ 27 აშშ დოლარი, ხოლო
შედარებით მარტივ სამშენებლო ადგილებში 25 აშშ დოლარი.
საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა, შემდეგ კი, 2021 წლიდან, სამშენებლო სამუშაოები Log-in Georgia-ს ფარგლებში, IBRD-ის სესხის საფუძველზე გაგრძელდა. გეგმის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის რუკის თანახმად, ამ დროისთვის აშენებულია 1 850 კმ.




























