საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 802 მილიონი ლარი უკვე ამოიწურა. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, წლის ბოლომდე პროგრამის შეუჩერებლად დასრულებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ ხარჯების გადაჯგუფების მეშვეობით, მას 95 მილიონი ლარი დაამატა, რის შედეგადაც პროგრამის მთლიანი ხარჯები 897 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ხაზინის ინფორმაციითვე, 18 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის მთლიანი ათვისება 831 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, წლის ბოლომდე 66 მილიონი ლარი არის ასათვისებელი.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი დადგენილზე ადრე ამოიწურა და მას სახსრების დამატება დასჭირდა. ანალოგიური მოხდა 2019, 2018, 2017, 2016 და 2015 წლებშიც, როდესაც სამედიცინო ხარჯები დაგეგმილზე სწრაფად გაიზარდა, რამაც თანხების გადახარჯვა გამოიწვია.
2019 წელს პროგრამისთვის 754 მილიონი ლარი იყო განკუთვნილი, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯებმა 828 მილიონი ლარი შეადგინა.
მთლიანობაში 2020 წლისთვის დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 5.6 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, საიდანაც 4.9 მილიარდი ლარი უკვე ათვისებულია.