მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტიდან წელსაც დაგეგმილზე მეტი თანხა დაიხარჯება. ხაზინის მონაცემების მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი უკვე 713 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, რაც 2018 წლის ბიუჯეტის თავდაპირველად დამტკიცებულ გეგმას უკვე 9 მილიონით (704 მილიონი) აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში უკვე დახარჯულია 549 მილიონი ლარი, დარჩენილ სამ თვეში კი კიდევ 164 მილიონი უნდა დაიხარჯოს, რაც წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების გათვალისწინებით, დღეში 1,8 მილიონი ლარის ხარჯია. წინა თვეების პრაქტიკა კი უჩვენებს, რომ აქამდე საშუალო დღიური ხარჯი უფრო მეტი-2 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. თუ დარჩენილ 3 თვეში იგივე ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ წლის ბოლომდე ხარჯი არა 164 მილიონი, არამეც 180 მილიონი იქნება, რაც საერთო ჯამში 25 მილიონიანი გადაჭარბებაა, თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით.

























