საყოველთაო ჯანდაცვაზე 2017 წელსაც გათვალისწინებულზე მეტი თანხა დაიხარჯა. ხაზინის 2017 წლის ბიუჯეტის გადასახდელების შესრულების ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვაზე 709,7 მილიონი ლარია დახარჯული, მაშინ, როცა ბიუჯეტის თავდაპირველად დამტკიცებულ ვარიანტში 660 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. გასული წლის ბოლოს პროგრამას კორექტირება გაუკეთდა და 40 მილიონი დაემატა, თუმცა, საბოლოოდ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. განსხვავებამ თავდაპირველ გეგმასა და საბოლოო დანახარჯს შორის 50 მილიონი ლარი შეადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი პროგრამის ამოქმედებიდან ყოველწლიურად მზარდია და ხარჯები მუდმივად აჭარბებს დაგეგმილ პარამეტრებს, ფინანსთა სამინისტროს კი წლის ბოლოსთვის ხარჯების კორექტირება უწევდა. კორექტირების გარდა, მუდმივად მზარდია დაგეგმილი პარამეტრებიც, მაგალითისათვის 2016 წელს ბიუჯეტით 570 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, 2017 წელს კი დაგეგმილი ხარჯი 100 მილიონით გაზარდეს, თუმცა საბოლოოდ საკმარისი არც ეს აღმოჩნდა .
ცნობისათვის, 2018 წლის ბიუჯეტით საყოველთაო ჯანდაცვაზე 704 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

























