საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზვრული 713 მილიონი ლარი 18 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამას 15 მილიონი დაუმატა და მისი ბიუჯეტი 728 მილიონამდე შეავსო. როგორც ირკვევა, საყოველთაო ჯანდაცვის შეუფერხებელი ოპერირებისთვის არც ეს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგანაც აღნიშნული თანხიდან 727 მილიონი უკვე დახარჯულია. ამიტომ, სამინისტრომ პროგრამას კიდევ 5 მილიონი ლარი დაუმატა, რითიც მისი მოცულობა 733 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ბიუჯეტის დადგენილზე ჩქარა ათვისება სავარაუდოდ, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. იმისთვის, რათა პროგრამის ბიუჯეტი მთელი წლის განმავლობაში ყოფილიყო საკმარისი, დღეში საშუალოდ, 1.95 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯვამ ამაზე მეტი შეადგინა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. წელსაც თუ ხარჯვის არსებული ტემპი გაგრძელდა, დაახლოებით, 37 მილიონი ლარის დამატება გახდება საჭირო. შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის ფაქტობრივი ბიუჯეტი 750 მილიონ ლარს მიაღწევს.
მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებში ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი ლარი დაუმატა.
ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა.
ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვაზე 754 მილიონი ლარია გამოყოფილი.

























