მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 10 წლისაა - როგორ აფასებს მას აკაკი ზოიძე?

6421fcef20068
ალა ისპირიანი
28.03.23 00:30
569
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა უკვე 10 წლისაა. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა და სიტყვით გამოვიდა ზურაბ აზარაშვილიც.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი აკაკი ზოიძე, რომელმაც მოგვიანებით BMGTV-ის გადაცემა წერტილში დაწვრილებით ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მან ასევე ის გზავნილები შეაფასა, რაც ღონისძიებაზე გაჟღერდა.

„მნიშვნელოვანი იყო განცხადება, რომ უნივერსალური ჯანდაცვისკენ მივდივართ, რაც ნიშნავს თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. ძირითადი აქცენტი ჰოსპიტალურ სერვისებზე იყო გაკეთებული, რომელიც დღეს გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე ეს 10 წლის იყო.

რაც ღონისძიებაზე არ უთქვამთ და დამაკლდა, არის 200 000 -მდე ადამიანი, რომელებიც 2013 წლამდე ამბობდნენ, რომ მათ სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ და ამის მიღება ფინანსური ბარიერის გამო არ შეეძლოთ, - ეს იყო ჩვენი მოქალაქეების 4% და ეს პროცენტი გაქარა. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისაც ამის საშუალება არა აქვს, მაგრამ იმხელა მასშტაბის აღარ არის. ასევე გარკვეული სერვისების ფიზიკურად ხელმისაწვდომობაც გაიზარდა.

ასევე დამაკლდა, მილიონ ნახევარი დოლარის ეკვივალენტი ლარში კერძო ინვესტიცია, რომელიც მოიზიდა სახელმწიფოს მიერ გადახდილმა 7-მა მილიარდმა, - ამით ინფრასტრუქტურის განახლება მოხდა, თუმცა ეს სრული რეგულირების გარეშე მოხდა და ნეგატიური შედეგებიც გამოიწვია. გამოიწვია ის, რომ დღეს უფრო მეტი საწოლი გვაქვს ვიდრე საბჭოთა პერიოდში. იმის ნაცვლად, რომ მაგალითად გვქონდეს 1000 საწოლი ერთ კლინიკაში, გვაქვს 100-100 საწოლი 10 კლინიკაში და თითოეულს თავისი არაპირდაპირი ხარჯი აქვს. ძალიან მომეწონა, რომ ბოლოს ვიდეო რგოლი იყო გაშვებული ბენეფიციარების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რომლებსაც სიცოცხლე გადარჩა“, - განაცხადა მან.

მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მთავარ ინდიკატორებზეც ისაუბრა და განმარტა, საქართველოში როგორაა დაცული ეს საკითხი.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მთავარი ინდიკატორია ფინანსური დაცულობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ზომავს, ფინანსური დაცულობის ინდიკატორით და ასევე ჯიბიდან გადახდების პროცენტი რამდენია, რაც ჩვენთან კარგია. მესამე ინდიკატორი არის კატასტროფული დანახარჯები, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ძალიან მაღალი გვაქვს - ყოველი მეხუთე ოჯახი ჩვენს ქვეყანაში ხარჯავს თავისი დანახარჯების 20%-ზე მეტს ჯანდაცვაზე, რომელიც წამლებს უკავშირდება“, - თქვა ზოიძემ.

 აკაკი ზოიძემ ასევე ისაუბრა, ჯანდაცვაში რა რეფორმები უნდა გატარდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ამდენი წლის დაგეგმილი რეფორმები დაიწყო - DRG, რეფერენტული ფასები და პირველადი ჯანდაცვა. შემდეგ უკვე სელექციური კონტრაქტირება DRG-სთან ერთად უნდა წავიდეს. DRG არის გზა, რომ სამართლიან აღრიცხვიანობაზე და ანაზღაურებაზე დამყარებულ გლობალურ ბიუჯეტამდე მიგვიყვანოს. იმისთვის, რომ აქამდე მივიდეთ დღეს დაურეგულირებლობის გამო წარმოქმნილი უზარმაზარი ფრაგმენტაცია, რომელიც იმის გამოა, რომ ჯანდაცვის ბაზარზე მოწოდება განსაზღვრავს მოთხოვნას და არა პირიქით, აქ უამრავი პატარ პატარა კლინიკების არსებობა დიდ პრობლემას შექმნის“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 10 წლის განმავლობაში, 3 მილიონი ადამიანის, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდამდე ლარით დაფინანსდა. მინისტრის განცხადებით, პროგრამას მუდმივად მზარდი ბიუჯეტი აქვს და 2023 წლისთვის, მისი მოცულობა 880 მილიონი ლარით განისაზღვრა. ჯანდაცვის პროგრამების, 2023 წლის, მთლიანი ბიუჯეტი კი – 1,450 მლნ ლარზე მეტია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები