მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პაციენტებს VIP მომსახურებას აღარ დაუფინანსებს - რა შეიცვალა?

636e47456dbf2
ანუკა ჯოხაძე
11.11.22 17:17
1990
კლინიკების დაფინანსების DRG-სისტემის ამოქმედების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პაციენტებს VIP მომსახურებას აღარ დაუფინანსებს. ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ პაციენტების ის ნაწილი, რომელსაც კლინიკისგან განსაკუთრებული მომსახურების მიღება ენდომება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ერთჯერადად გავა და ამ მომსახურების საფასურს მისი დამზღვევი კომპანია გადაიხდის.

როგორც ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი, მაია მახარაშვილი BM.GE-თან აცხადებს, საუბარია საგამონაკლისო წესით მოსარგებლე იმ პირებზე, მაგალითად, პენსიონერებზე, რომლებსაც შეუძლიათ როგორც კერძო, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლონ. მისი თქმით, DRG-ის დაფინანსების ახალი მოდელი დამატებითი სერვისების თანადაფინანსებას არ ითვალისწინებს, ამიტომ სისტემა ასეთ პაციენტებს საშუალებას აძლევს, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ერთჯერადად დატოვონ. თუ ადრე ადამიანს ექვსი თვით უწყდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარის სტატუსი, ახლა შეუძლია ერთჯერად, ერთ სამედიცინო მანიპულაციაზეც შეუწყდეს სტატუსი.

“სახელმწიფო იტოვებს უფლებას, შეთანხმება დადოს საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილე კლინიკებთან, რომ თუ კი ბენეფიციარი მიმართავს ასეთ კლინიკას მხოლოდ DRG-ის განფასების თანაგადახდის გადახდის უფლება აქვს.

არცერთი თეთრით მეტის, რომელიც აქამდე ძველ დაფინანსებაში მუშაობდა. პირობითად საყოველთაო თუ აფინანსებდა რაღაც მომსახურებას 1000 ლარით, ხოლო კლინიკას ეს მომსახურება 2000 ლარით ჰქონდა განფასებული, ის განსხვავება კი იფარებოდა პაციენტის მიერ. აი ეს ამოვარდა.”-აცხადებს ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი მაია მახარაშვილი.

კლინიკებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია რა პროცედურებით მოხდება ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ბენეფიციარების სისტემიდან გამოსვლა, თუმცა მათი თქმით, ამ მიმართულებით კონსულტაციები სამინისტროსთან გრძელდება.

ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი მაია მახარაშვილი ამბობს, რომ VIP მომსახურების მიღების სურვილის შემთხვევაში პენსიონერებს პროცედურის დაფინანსება, სავარაუდოდ, პირადად მოძიებული ფინანსური სახსრებით მოუწევთ. მისი თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ამ სერვისს კერძო სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ.

“ცვლილებების მიხედვით განსაკუთრებულ შემთხვევებში პაციენტებს არჩევანის უფლება დარჩა. თუმცა თვითონ ამ ბენეფიციარების გადამხდელუნარიანობა არ არის მაღალი, მაგრამ დაშვება კეთდება, რომ რაღაც სხვა რესურსებით შეძლონ ამ ადამიანებმა განსაკუთრებული vip სერვისების მიღება. ამის უფლებას იძლევა ეს ახალი ცვლილება.

vip მომსახურება ასე ცალკე აღებული მთლიანად სადაზღვევომ დაფაროს თუ კი ასეთი პაკეტი არ შეიქმნა, ეს ასეთი ფორმით დღეს არ მუშაობს.”-ამბობს ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი მაია მახარაშვილი.

ცვლილებები კერძო სადაზღვევო კომპანიებს ფინანსურად დააწვება, - ამ განცხადებას აკეთებს BM.GE-თან სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

ნინა კობახიძე თვლის, რომ კონკრეტული VIP მომსახურებების ანაზღაურება შესაძლოა კერძო სადაზღვევო კომპანიების მხრიდან შემოთავაზებულ ლიმიტებს სცდებოდეს. შესაბამისად, მისი განმარტებით, პენსიონერების ნაწილმა მათი სადაზღვევო პაკეტიდან გამომდინარე შესაძლოა კონკრეტული VIP სერვისების დაფინანსება ვერც კერძო დაზღვევის მეშვეობით შეძლონ.

“VIP სერვისები და ყველა ეს დამატებითი ბენეფიტები, ჩვენი პოზიციაა, რომ სახელმწიფოს დასაფინანსებელი არ უნდა იყოს, რადგან ეს არის თავად ადამიანის გადასაწყვეტი. ერთი მხრივ DRG სწორედ ამას უზრუნველყოფს, რომ ყველამ თანაბარი მომსახურება მიიღოს. დააწვება ეს სადაზღვევო ინდუსტრიას, რადგან პაციენტმა შეიძლება უარი თქვას საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე, მაგრამ ისარგებლოს კერძო დაზღვევით. შეიძლება ადამიანი ამოვარდეს საყოველთაოდან, გადაწყვიტოს, რომ არ უნდა სახელმწიფოს დაფინანსება, მაგრამ ლიმიტი არ ეყოს”, - აცხადებს გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე.

იმავე პოზიციას აფიქსირებენ სადაზღვევო კომპანია პსპ დაზღვევაში, რომლის დირექტორიც აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებით კერძო სადაზღვევო სექტორს ასანაზღაურებელი თანხების ოდენობა გაიზრდება.

მისი განმარტებით, მსგავსი მიმართვა უკვე გაკეთდა რამდენიმე ბენეფიციარის მხრიდან, რომლებიც უარს ამბობენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობაზე და მომსახურების კერძო სადაზღვევო პაკეტით ანაზღაურება სურთ. სოფო ლებანიძე ამბობს, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე მოსარგებად ბიზნესისთვის გარდამავალი პერიოდი აუცილებელი იყო.

“გაიზრდება ზარალიანობა და ასანაზღაურებელი თანხების ოდენობა. ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში არის ის რომ სახელმწიფო პოლიტიკა, რომ იცვლება იმ პროცესში, როცა სადაზღვევო ხელშეკრულებები მოქმედია და მოქმედ სადაზღვევო ხელშეკრულებებში, როცა ბევრი რამ იცვლება ეს ბიზნეს პროცესისთვის არის ძალიან ცუდი.

გარდამავალი პერიოდი, რომ არ არსებობს რა პერიოდის განმავლობაშიც ჩვენ მივესადაგებით შეცვლილ გარემოებებს და პირობებს, ეს ჩვენი საქმიანობისთვის რისკის შემცველია.”-ამბობს PSP დაზღვევას, დირექტორი სოფო ლებანიძე.

ცნობისთვის, 1 ნოემბრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შევიდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება უკვე 10 დღეა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით ხდება. DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. ახალი სისტემა ორი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმით იმუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები