საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ფულის დამატება, შესაძლოა, წელსაც დასჭირდეს.
ხაზინის მონაცემების საფუძველზე გაანგარიშებული საშუალო დღიური ხარჯვის, 2 მილიონ 40 ათასი ლარის, მომდევნო 6 თვეში გაგრძელების შემთხვევაში, დაგეგმილ ბიუჯეტს -704 მილიონ ლარს, 43 მილიონ ლარამდე დააკლდება.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას წელსაც ისეთივე ბედი ელის, როგორც წინა წლებში და მთავრობას დამატებითი ფულის მოძიება მოუწევს. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო არ არის ეფექტური ადმინისტრატორი და ადგილი აქვს ფულის უყაირათო ხარჯვას, რაც სიღარიბის მაჩვენებელზეც აისახება. დეპუტატი სამინისტროში არსებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირობებში პრობლემის მოგვარებას გამორიცხავს.
,,საყოველთაო ჯანდაცვა არის დიდი ხვრელი, რომელიც იწვევს ფულის უყაირათო ხარჯვას და აზიანებს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას“-განუცხადა bm.ge-ს ჭიაბერაშვილმა.
ის რომ ფული შეიძლება საკმარისი არ იყოს, მოულოდნელი არ არის ექსპერტებისთვისაც. პრობლემას ისინი თავად საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ხედავენ და ამბობენ, რომ თუ ის სასწრაფოდ არ შეიცვალა, ხარჯები მუდმივად მზარდი იქნება. სერგი ჩიხლაძე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ გასულ წელს პროგრამის დიფერენციაცია მოხდა და მილიონზე მეტ ადამიანს, მათი შემოსავლის გათვალისწიებით, სერვისების ნაწილი აღარ მიეწოდება.
ექსპერტი ამბობს, რომ რომ ამ ადამიანების პროგრამაში სრულფასოვნად დარჩენის შემთხვევაში დანაკლისი ბევრად მეტი იქნებოდა. ჯანდაცვის სამინისტროში ამ პროგნოზებს არ იზიარებენ. ამბობენ, რომ პროგრამის ადმინისტრირება უკეთ ხდება, რისი ერთ-ერთი მაგალითიც ე.წ. გაურგენტულების პრობლემის შემცირებაა.
,,ჯერჯერობით ფულის დამატების საჭიროება არ არის“-აცხადებს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი.

























