პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ გასული წლების მსგავსად, წელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაგეგმილზე მეტი დაფინანსება დასჭირდება. საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 704 მილიონია გათვალისწინებული. აკაკი ზოიძის ვარაუდით, დაგეგმილი თანხა შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.
"პირველი გადახარჯვის მიზეზები ის არის, რომ ადამიანებს სჭირდებოდათ ოპერაციები, რომლებლსაც წლების განმავლობაში ვერ იკეთებდნენ. ეს არის ისეთი ოპერაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობის ზრდისთვის, დამერწმუნეთ, ამის შედეგი გამოჩნდება რამდენიმე წელიწადში. 2015 წელს 100 მილიონი იყო გადაჭარბება. 2016 წელს - 50 მილიონი, 2017 -ში კიდევ უფრო ცოტა იყო და წელსაც ალბათ 720 მილიონი იქნება დანახარჯი, თუმცა 704 მილიონია ჩადებული. მიზეზები უნდა გამოვიკვლიოთ რატომ მოხდა გადახარჯვა. ბოლო ორი წელიწადია საკმაოდ დიდი დევალვაცია მიდის ლარის", - განაცხადა აკაკი ზოიძემ „საქმიან დილაში".
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირებაში კერძო სადაზღვევო კომანიების შეყვანის წინააღმდეგია. მისი თქმით, "ქანქარისებური რეფორმები“ მხოლოდ ზიანს მოიტანს ქვეყნისთვის.

























