მიზნობრივი ჯგუფებისთვის მედიკამენტების შესაძენად მთავრობა საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მედიკამენტების შემოტანაზე მთავრობა მაღალი ხარისხის კონტროლს დააწესებს.
„დღეიდან გააქტიურდება საერთაშორისო ტენდერი, რომელიც ჩვეულებრივ იჭერსხოლმე თვენახევარს, ამის შემდეგ 2 კვირაში მოხდება შემოტანა და დისტრიბუცია. ამ მედიკამენტებზე ჩვენ დავაწესებთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის კონტროლის ნიშნულს, რომ ეს მედიკამენტები უნდა იყოს ან ევროკავშირში წარმოებულები, ან თუ ისინი სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არის წარმოებულები, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული საერთაშრისო ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერთიფიკატი“,- განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, შედეგად, მიზნობრივ ჯგუფებში შემავალ პირებს - პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, შშმ პირებს და 6 წლამდე ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღება თვეში მაქსიმუმ 1 ლარი დაუჯდებათ.
სერგეენკოს ინფორმაციით, პროექტი არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება.
"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რაც იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში იყო წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. დღეს ეს კომპონენტი უკვე გავრცელდება 0-დან 100 000-ქულის მქონე ადამიანებზე. მათ დაუფინანსდებათ 5 ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები- არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისხლძარღვების დაავადება, დიაბეტის მეორე ტიპი, ფილტვების ქრონიკური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები",- აცხადებს სერგეენკო.

























