მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებისთვის ახალი რეგულაცია მზადდება - რა იცის სექტორმა?

62ef7f17d41ed
ელენე გოგბერაშვილი
07.08.22 13:13
5939
2025 წლიდან, კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ოპერირების გასაგრძელებლად, სავალდებულო იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტების დაკმაყოფილება. ამის შესახებ გასულ კვირაში ჯანდაცვის მინისტრმა, ჩაფიძის კლინიკაში ვიზიტისას დაანონსა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, ამ საკითხზე სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო და ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ კონსულტაციებს მართავს. მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ აკრედიტაციის კრიტერიუმები სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას და სამედიცინო ინფრასტრუქტურას მოიცავს, რა სტანდარტის მისაღწევადაც 18-დან 24 თვემდეა საჭირო.

სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა ახალი რეგულაციების შესახებ მედიიდან გაიგო.“ნიუ ჰოსპიტალსის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ინიციატივა კარგია, თუმცა მნიშვნელოვანია როგორ მოხდება მისი იმპლემენტაცია, რომელი სააკრედიტაციო ორგანოები იქნება აღიარებული სამინისტროს მხრიდან, რომ ამისთვის კლინიკები მოემზადონ.

"რამდენიმე კვირის წინ პროფესიული საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდა მინისტრის ინტერვიუდან, ვერ გეტყვით კლინიკის ხელმძღვანელებთან და ბიზნესთან არის თუ არა ეს გავლილი, მაგრამ ჩვენთან, პროფესიულ ასოციაციებთან ამაზე საუბარი არ ყოფილა. ამის მიუხედავად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ინიციატივა ნამდვილად არის კარგი, ოღონდ აქ მთავარია, როგორ მოხდება მისი იმპლემენტაცია, როგორ მოხდება მომზადება ამისთვის, რომელი სააკრედიტაციო ორგანიზაციები იქნება აღებული რეფერენსად და როგორი იქნება პროცესი. ეს საკითხები ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანია.

საქართველოში მაგალითისთვის გვყავს ერთი სამედიცინო დაწესებულება, "მედიქლაბ ჯორჯია", რომელსაც აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია, ამერიკულ აკრედიტაციას ვგულისხმობ. ასევე არის "მეგალაბი", რომელმაც ახლახანს აიღო ლაბორატორიულ მომსახურებაში აკრედიტაცია. რამდენადაც ცნობილია, ჩაფიძის სამედიცინო ცენტრს აქვს გერმანული აკარედიტაცია, რომელიც ოდნავ განსხვავებულია.

აქ მნიშვნელოვანია, რომელი სააკრედიტაციო ორგანო იქნება აღიარებული და ასევე როგორ უნდა მოემზადონ კლინიკები ამისთვის. გამართული პროცესის შემთხვევაში 2 წელი არის საჭირო, რომ აკრედიტაცია მიიღოს დაწესებულებამ და ის ნამდვილად არის ერთგვარი ხარისხის გარანტი",-აცხადებს ვახტანგ კალოიანი.

ის ჯანდაცვის უწყებას პოლიტიკის განსაზღვრისას თანმიმდევრულობას უწუნებს და ამბობს, რომ ჯანდაცვის ეროვნული სტრატეგიიდან სერიოზული გადახვევა ხდება, რაც რთულ მდგომარეობაში აყენებს ჯანდაცვის სექტორს.

"ყველაზე რთული, რაც ჯანდაცვის სისტემაში გვქონდა, არის თამაშის წესების ძალიან ხშირი ცვლილება. რაიმე საშუალოვადიანი პროგნოზის გაკეთებაც კი შეუძლებელია, რას გადაწყვეტს სამინისტრო. ის სტრატეგია, რაც შემუშავებულია შეიძლება საკამათო დოკუმენტი იყო, მაგრამ იმიდან ხდება  180 გრადუსით გადახვევა, რაც ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს სისტემას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა.

საყველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამ დიზაინით მიღება, DRG-ის, სელექტიური კონტრაქტის პირობების გარეშე იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომელმაც სერიოზული მაკროეკონომიკური პრობლემა მოიტანა ქვეყანაში. დღეს კლინიკური სტატისტიკაც კი უარესი გვაქვს წინა წლებთან შედარებით და ეს კოვიდთან არ არის კავშირში. თანმიმდევრულობა და ლოგიკური ჯაჭვი გადაწყვეტილებებში არის მნიშვნელოვანი. ეს ინიციატივაც კარგია, თუმცა თუ ეს არ იქნა მთელ სისტემურ გადაწყვეტილებებზე აგებული, მას ისეთივე ეფექტი ექნება, როგორც წინა სხვა გადაწყვეტილებებს",-აცხადებს ვახტანგ კალოიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები