პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებებს 4 ლაბორატორიული და 2 ინსტრუმენტული კვლევა დაემატა. მათ შორის არის: მიკროალბუმინურიის განსაზღვრა შარდში, კალიუმისა და ნატრიუმის განსაზღვრა სისხლში, შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში, გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა, ექოკარდიოგრაფია (ტრანსთორაკალური, გულის უკმარისობის C სტადიის დროს) და სპირომეტრია, - განაცხადა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ეკა შარაძემ.
მისივე თქმით, საპილოტე პროგრამა 6 ამბულატორიულ დაწესებულებაში იმართება თბილისში, ლანჩხუთში, ხარაგაულში, საჩხერეში, დუშეთსა და ახალციხეში. პირველ ეტაპზე გაზრდილი სერვისებით სწორედ ბენეფიციარები ისარგებლებენ.
„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტიანობა, დიდწილად, განსაზღვრავს დაავადებების დროულ გამოვლენას და მათ ადეკვატურ მართვას - ზოგადად, მომსახურებების ეფექტიანობას. უფრო სრულყოფილი და უნიფიცირებული სერვისის უზრუნველყოფისთვის, მსოფლიო წამყვანი საუკეთესო
გამოცდილების ანალიზით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, დამატებით, გარკვეული ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების საჭიროება გამოიკვეთა.
სიახლე შესაძლებლობას მოგვცემს, ქრონიკულ დაავადებათა გამოვლენა და მართვა უფრო ეფექტური გახდეს. ამასთან, პაციენტს აღარ მოუწევს დამატებით ფინანსური ხარჯის გაწევა იმისთვის, რომ მოხდეს ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვა“, - განაცხადა ეკა შარაძემ.



























