მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების თანაგადახდის წილის ზედა ზღვარი დაწესდება - ზურაბ აზარაშვილი

6435ac8da8a60
BM.GE
11.04.23 23:17
746
მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაწესოთ, საყოველთაო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების თანაგადახდის წილის ზედა ზღვარი“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი არის 10%,
მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის - 20%, არაუმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი 30%, არაუმეტეს 1500 ლარისა.

აღსანიშნავია, რომ ამ სამედიცინო მომსახურების ღირებულებასა და თანაგადახდის წილის ზედა ზღვარს შორის სხვაობასაც სახელმწიფო დაფარავს.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თანაგადახდის წილი, ამ შემთხვევაშიც, რჩება ისევ 0% და მომსახურებას, კვლავინდებურად, სრულად სახელმწიფო დაფარავს.

„სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურების DRG მეთოდის დანერგვამ 2 მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. პირველი - პაციენტებს აღარ უწევთ, ხელოვნურად გაზრდილი ე.წ. VIP სერვისის, თუ ექიმების მომსახურების თანხის ჯიბიდან გადახდა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - კლინიკებს შორის, ტარიფებში სხვაობა არ არის - ყველა სამედიცინო დაწესებულება ერთსა და იმავე სერვისში, ანაზღაურებას ერთი და იგივე ტარიფით იღებს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ჯგუფისთვის, საყოველთაო პროგრამით სარგებლობა, 10%, 20% და 30%-იან თანაგადახდას ითვალისწინებს. თუმცა, ძვირადღირებული ოპერაციების შემთხვევაში, პაციენტის მხრიდან დასაფარი თანხა, მაინც მაღალია. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაწესოთ თანაგადახდის წილის ზედა ზღვარი.

ვფიქრობთ, თანაგადახდის წილის ზედა ზღვრის დაწესება ერთ-ერთი ბოლო ეტაპია, DRG სისტემაში, ჯერ კიდევ არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ვთვლით, რომ ამ ცვლილებით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურების მეთოდი, კიდევ უფრო სწორი და სამართლიანი გახდება, ეს კი ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურ კმაყოფილებას გამოიწვევს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები