მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზამთროს 20-25 თეთრად ვყიდი, რომ არ გაფუჭდეს" - ფერმერი

საზამთრო

ფერმერი გია ჩახვაშვილი ამბობს, რომ საზამთროს მოსავალი კარგია, თუმცა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ფასი დაბალია.

როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, ამ პირობებში მოყვანის ხარჯების დაფარვაც გამოწვევაა.

"კარგი მოსავალი კი მოვიყვანეთ, მაგრამ ფასი არ აქვს. მოსავალი 1000 ტონა ბაღია 20 ჰექტარში და ფუჭდება. ფასი არ აქვს, 20-25 თეთრად ვყიდი, რომ არ გაფუჭდეს. საწვავის ფასი და მუშის ფასი ამოდის. ყველამ საზამთროს მოყვანა დაიწყო, ამინდების გამო, საადრეო, საგვიანო მოსავალი, სულ ყველაფერი ერთად მოვიდა.

ამდენი ნაშრომ-ნამაგარია და რა ვიცი, რაც დახარჯული არის, მაგას ამოვიღებთ, ბანკის ვალებს დავფარავთ?",- ამბობს ფერმერი და დასძენს, რომ მუშახელიც გამოწვევაა.

მისი თქმით, საზამთრო ექსპორტზე მეზობელ ქვეყანაში გააქვს - ერევანში ორი ტრაილერი გაიგზავნა.

ამასთან, ფერმერი ამბობს, რომ გამოწვევების გათვალისწინებით, მომავალი წლიდან საზამთროს მოყვანას აღარ აპირებს.

საქართველოდან საზამთროს ექსპორტმა მკვეთრად იკლო, იმპორტი კი თითქმის გასული წლის დონეზეა. საქსტატის 6 თვის მონაცემებით, 33.6 ათასი დოლარის 67.4 ტონა პროდუქტი გავიდა ექსპორტზე. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღირებულება 88%-ით, ხოლო მოცულობა 91%-ით არის შემცირებული. წელს საზამთროს იმპორტი უმნიშვნელოდ გაიზარდა და 2.9 მლნ დოლარის 9 567.5 ტონა შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში კი მაჩვენებელი 2.89 მლნ დოლარი და 9 560.6 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები