საზამთროს იმპორტი გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში 324 420 აშშ დოლარის 1040 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 271 160 აშშ დოლარის 805 ტონა საზამთრო შემოვიდა.
წლის ამ პერიოდში საქართველოში ძირითადად ირანული საზამთრო შემოდის, მათ შორის, წელს, 1036 ტონა საზამთრო სწორედ ამ ქვეყნიდან შემოვიდა, ხოლო დანარჩენი 4 ტონა ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან შემოვიტანეთ.
რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, 2024 წელს 2,4 მლნ აშშ დოლარის 7 737 ტონა საზამთრო შემოვიტანეთ, რაც 2023 წლის მონაცემებზე (3,5 მლნ აშშ დოლარის 11 845 ტონა) ნაკლებია. წლიურ ჭრილში მთავარ საიმპორტო ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს. სრული მონაცემები ასეთია:
- თურქეთი - 1,4 მლნ აშშ დოლარი - 4 609 ტონა
- ირანი - 583 700 აშშ დოლარი - 1876 ტონა
- აზერბაიჯანი - 260 010 აშშ დოლარი - 866 ტონა
- უზბეკეთი - 109 960 აშშ დოლარი - 366 ტონა
- ნიდერლანდები - 30 020 აშშ დოლარი - 18 ტონა
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ბოლო რამდენიმე წელია, საზამთროს ადგილობრივი ექსპორტი თითქმის არ ფიქსირდება. მაგალითად, 2024 წელს ჯამში მხოლოდ 2 ტონა საზამთროს ექსპორტი განხორციელდა, 2023 წელს - 98 ტონა.
2022 და 2021 წლებში კი, ეს მაჩვენებელი შედარებით მაღალი იყო. კერძოდ, 2021 წელს 3000-მდე ტონა 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საზამთრო გავიდა უცხოეთში, 2022 წელს კი, 267 610 აშშ დოლარის 1075 ტონა საზამთროს ექსპორტი ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ იმპორტირებული საზამთრო მათ ხელს უშლის რეალიზაციაში. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ფერმერმა გია ჩახვაშვილმა BM.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ იმპორტირებული საზამთროს გაზრდილმა მოცულობამ ადგილობრივ ბაზარზე მის მეურნეობას გასულ წელს, სერიოზული ფინანსური ზიანი მიაყენა.



























