ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოსტზე ივანე აბაშიძე წარადგინა, რომელიც 2023 წლიდან დღემდე Columbia Shipmanagement Georgia LLC გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
საქმე ის არის, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც მის ყოფილ ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა. ეს კი მის სახლში თორნიკე რიჟვაძის მიერ ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მოხდა. საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მაშინდელ დირექტორს ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა, 8 ივნისს კი სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ივანე აბაშიძის პროფესიული კარიერა მთლიანად საზღვაო სფეროსთანაა დაკავშირებული, მათ შორის 2011 წლიდან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე - 2014-2018 წლებში იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხოლო 2018–2023 წლებში სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2015-2020 წლებში ის ეროვნული პროექტის GloMEEP კოორდინატორი იყო, 2016-2023 წლებში კი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორი.
ივანე აბაშიძეს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - 2018-2020 წლებში იყო საერთაშორისო მობილური სატელიტური ორგანიზაციის მრჩეველთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო). მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO): მათ შორის 2023 წელს იყო პასუხისმგებლობისა და ანაზღაურების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, 2021-2024 წლებში კი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის იურიდიული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე.
ივანე აბაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრია, ასევე სამართლის მაგისტრი საერთაშორისო საზღვაო სამართალში (საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტი (IMLI) მალტა). 2024 წლიდან დღემდე - დოქტორანტი, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ამასთან, ივანე აბაშიძე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა - 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ლექტორია საერთაშორისო საზღვაო სამართლის და სანაოსნო სამართლის დარგში. ის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის ავტორია საზღვაო სამართლის, უსაფრთხოების და საერთაშორისო დაცვის სფეროებში.
„საზღვაო სექტორი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც დიდ როლს ასრულებს მთლიანად ეკონომიკის განვითარების საქმეში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ივანე აბაშიძე უხელმძღვანელებს - დარგის გამოცდილი, კეთილსინდისიერი პროფესიონალი. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს ზოგადად საზღვაო სექტორის განვითარების კუთხით, მათი განხორციელების პროცესში კი სააგენტოს საკვანძო როლი ექნება. დარწმუნებული ვარ, ივანეს გამოცდილებით, სწორი ხედვით და ხელმძღვანელობით ამ საქმეს თავს ერთად, წარმატებით გავართმევთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს ეროვნულ საზღვაო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად საზღვაო სფეროს ორგანიზაციულ და სამართლებრივ ფუნქციონირებას. მისი საქმიანობის სფეროში ასევე შედის საქართველოს დროშით მცურავი სავაჭრო ფლოტის და საქართველოს ნავსადგურების საზღვაო უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფა, ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის კოორდინაცია, ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის ოპერაციების წარმოების კოორდინაცია, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის მონიტორინგი და ა.შ.




























