მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვაო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმები მკაცრდება

ნავსადგური

ნავსადგურებისთვის, გემთმფლობელებისთვის და საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობის მქონე სხვა პირებისთვის საზღვაო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმები მკაცრდება.

პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლითაც, დაწესდება ჯარიმები ასევე იახტკლუბისთვის, ვინაიდან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანების „ნავსადგურის წესების“ შესაბამისად, დადგენილია მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სალოცმანო სამსახურების და ლოცმანების საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. მოთხოვნები სალოცმანო სამსახურებისთვის დადგენილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის საჭიროა დაწესდეს ჯარიმები.

კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის მიღება ფინანსურ შედეგებს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელებისთვის გამოიწვევს, ვინაიდან ქონების მფლობელი ვალდებული იქნება ზღვაში ჩაძირული ქონება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ამოიღოს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, დადგენილ ვადაში ამოუღებლობის შემთხვევაში კი დაწესდება ჯარიმა.

კანონპროექტის 114-ე მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა ჯარიმის ოდენობა სანავსადგურე ერთეულში დატვირთვის, გადმოტვირთვის, ტვირთის დაწყობის და შენახვის წესების დარღვევისთვის. ჯარიმის ოდენობა, სამართალდარღვევის სიმძიმისა და ხასიათის შესაბამისად განისაზღვრება 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმების სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს, ვინაიდან ამ დრომდე არ ყოფილა ჯარიმა გამოწერილი სამართალდარღვევისთვის.

საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევისთვის განისაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე.

სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 5 000 ლარიდან 20 000 ლარამდე.

სანავსადგურე ობიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარიდან 10000 ლარამდე.

გემის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

გემის უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.

სანავსადგურე ერთეულის მიერ სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე სამუშაოთა ორგანიზების, სწავლებისა და ინსტრუქტაჟის წესების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

სანავსადგურე ერთეულის მიერ სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიის ან/და აკვატორიის სანიტარულსაყოფაცხოვრებო პირობების დაუცველობისთვის განისაზღვრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

შიდა ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი აღიარებული ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილების და ფუნქციონირების წესის დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 20 000 ლარიდან 25 000 ლარამდე ოდენობით.

სალოცმანო სამსახურის საქმიანობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 500 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით.

გემის აგენტის მიერ გემის სანავსადგურე ერთეულში შესვლის ან/და სანავსადგურე ერთეულიდან გასვლის გაფორმების წესის დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

ანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის მიერ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით 15 000 ლარამდე ოდენობით.

იახტკლუბის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, კანონპროექტის შესაბამისად, შესაბამისი პირები დაჯარიმდებიან იგივე ქმედებების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

კანონი, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

კანონპროექტის ავტორია ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები