მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვარგარეთ დასაქმება შევაჩერეთ, რადგან კადრები ქვეყნის შიგნით არაა და უცხოეთში ვერ გავუშვებთ - KMS Georgia

მაია წერეთელი

სასტუმროების მენეჯმენტკომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის მაია წერეთლის აზრით, საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრებია.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოში მაღალი ხარისხის ტურიზმის კოლეჯი შეიქმნება, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არამედ, სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრისთვის კვალიფიციურ კადრებს მოამზადებს.

„ჩვენი მთავარი პრობლემა კადრებია და ამ საკითხში სახელმწიფოს ბევრი აქვს სამუშაო. {ეკონომიკის მინისტრ} ლევან დავითაშვილთან - არა, მაგრამ წინა სამ მინისტრთან ხშირად მისაუბრია ამ გამოწვევაზე. ვფიქრობ, კარგი იქნება, ტურიზმის პროფილით ერთი კოლეჯის შექმნა, რომელიც რეგიონული ცენტრის ფუნქციას შეიძენს და სადაც მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებენ მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდებიც, ვისაც ტურიზმის სფეროში დასაქმება აინტერესებს“, - განაცხადა სასტუმროების მენეჯმენტკომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მაია წერეთელი KMS Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორიც არის. კომპანია საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ, ტურიზმის სფეროში ასაქმებს ადამიანებს, მაგრამ როგორც მან „წერტილში“ განაცხადა, კადრების დეფიციტის გამო, ამ კუთხით, ფაქტობრივად ვერ მუშაობს.

„იძულებული გავხდით უცხოეთში დასაქმება შეგვეჩერებინა, რადგან კადრები ქვეყნის შიგნით არაა და ცხადია, უცხოეთში ვერ გავუშვებ ადამიანებს. ბევრი ისეთი საკითხია ტურიზმში, რაზედაც როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორმა ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ კარგ შედეგებზე გავიდეთ და გვყავდეს მეტი ტურისტი“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები