მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საზღვარგარეთ გადინების გამო კადრების პრობლემა სასტუმრო ბიზნესში ისევ აქტუალურია - “Amirbari Hospitality Agency”

სასტუმროები

ბიზნესი კადრებს ისევ ეძებს. კერძო სექტორი ამბობს, რომ მზად არის ახალი თანამშრომლები აიყვანოს, თუმცა შრომის ბაზარზე საჭირო კადრს ისევ ვერ პოულობს. ეს სურვილი გამოჩნდა BAG ინდექსის დასაქმების ბარომეტრშიც.

კერძოდ, მიმდინარე წლის III კვარტალში დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია, გარდა სამშენებლო სექტორისა. მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია ანაზღაურებაც, კერძო სექტორის შესაბამისი კადრის მოძიება მაინც უჭირს.

ჰორეკა სექტორის წარმომადგენლების თქმით, ჭირს თითქმის ყველა რგოლის კადრის მოძიება, რადგან დიდია სხვა სექტორებში ან საერთოდ ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინების მაჩვენებელი.

“წელს ყველაზე კარგად ვიგემე როგორი სხვადასხვანაირი კულტურა აქვს დასაქმების კუთხით ყველა რეგიონს. საკმაოდ ცუდი სიტუაციაა, განსაკუთრებით იქ, რომელიც კურორტული ზონებია და შიდა ტურიზმის მიმართულებით დატვირთულობა საკმაოდ აქტუალურია. იქ აბსოლუტურად სხვა ხელფასებია, აბსოლუტურად სხვა მიდგომები სჭირდება.

კადრების პრობლემა ისევ აქტუალურია, რასაც ვუკავშირებთ იმას, რომ ადამიანური რესურსის გადინებაა როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში საზღვრებს გარეთ დასაქმების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში ხელფასები არის ბევრად დიდი, ვიდრე ქალაქში, რადგან იქ ფიზიკურად წარმოუდგენელია ადამიანების მოძიება, მაინც ხდება კადრების გადინება.

განსაკუთრებით ჭირს წინა ხაზის და ქვედა რგოლის პერსონალი. მათი დაინტერესება ჭირს, მათი გადამზადება ჭირს, იმიტომ, რომ არასტაბილურები არიან. ამზადებ, მათში დებ რესურსს და შემდეგ შეიძლება დაგტოვონ. საშუალო ხელფასი 1200, 1300 ლარია, გააჩნია დატვირთულობას, კომპანიის პოლიტიკას და ბრენდს.

ჭირს უფრო ქვედა რგოლის პერსონალის მოძიება, ვიდრე მენეჯმენტის. მენეჯმენტის დაკომპლექტებაც არ არის ადვილი და აქაც არის კონკრეტული დეფიციტური მიმართულებები. უფრო ჭირს კარგი მენეჯერის მოძიება, თუმცა უფრო მეტად ჭირს მიმტანები, დამლაგებლები დასავლეთშიც და აღმოსავლეთ საქართველოშიც”,-აცხადებს “Amirbari Hospitality Agency”-ის დამფუძნებელი ქეთი ამირბარი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველო 264 ათასმა მოქალაქემ დატოვა. საქსტატის მიგრაციის სტატისტიკის თანახმად, ქვეყანას თითქმის ყოველწლიურად უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე უკან ბრუნდება - გამონაკლისი ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 2020 და 2024 წელი იყო. 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე 23 ათასი ემიგრანტი უკან დაბრუნდა, ხოლო 2024 წელს კი დადებითმა სალდომ 842 მოქალაქე შეადგინა. სხვა ყველა წლის განმავლობაში ქვეყანა ათასობით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე უკან დაბრუნდა.

საქართველოდან ემიგრაცია ძირითადად სამსახურის პოვნისთვის, ასევე განათლების მიღებისთვის ხდება. აღსანიშნავია, რომ ემიგრანტებს შორის დაახლოებით 55-60% მამაკაცია, ხოლო ემიგრანტების უდიდესი ნაწილი შრომისუნარიანი ასაკისაა, შესაბამისად მათი ქვეყნიდან გასვლა ქვეყნის სამუშაო ძალასაც აკლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები