დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროს კოტე სულამანიძის განცხადებით, "ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მესამე პირისადმი სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის" დანერგვაზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც კოტე სულამანიძემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა,
საზღვარზე შემომავალ ავტომანქანებზე სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით კანონპროექტი უახლოეს მომავალში შემუშავდება და სექტორთან შეთანხმდება.
მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი ადგილობრივი ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა იქნება.
"ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის შემოღება ორ ეტაპად გვაქვს დაყოფილი. პირველი ეტაპი იქნება იმ ავტომობილების დაზღვევა, რომლებიც საზღვარზე შემოდიან, რათა საქართველოში ყოფნის პერიოდში მათი პასუხისმგებლობა იყოს დაზღვეული. ეს ყველა ქვეყანაში ასეა. ამას ბევრი ბენეფიტი შემოაქვს ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის ფინანსური სარგებელი ექნება საქართველოსთვის. მას შემდეგ, რაც ეს კანონპროექტი ამუშავდება, თანმდევად ვიმუშავებთ უკვე იმაზე, რომ სავალდებულო დაზღვევა ლოკალურ ავტომობილებსაც შეეხოს", - განაცხადა სულამანიძემ.

























