საზმაუ მონიტორინგის მენეჯერმა თეა კახიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ კახიანი ინფორმაციას თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში, რომელსაც ურთავს საკუთარ განცხადებასაც. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 8 აპრილით თარიღდება. კახიანი პირად განცხადებაში აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში მონიტორინგის სამსახურმა დაკარგა მისთვის მინიჭებული ფუნქცია.
"საქართველოს პირველი არხის შიდა მონიტორინგის ფარგლებში წარმოებული კვლევების და ეუთო ოდირის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ანგარიშის დასკვნების მიხედვით, საქართველოს პირველი არხი ავლენს მიკერძოებას მმართველი პარტიის მიმართ და შესაბამისად ვეღარ პასუხობს კანონით დადგენილ ინსტიტუციურ მოთხოვნებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესში თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია რადგან არ აღმოჩნდა ვითარების გამოსწორების საფუძველი და არც სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის, მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ჩემ მიერ გაგზავნილი ვრცელი წერილი გახდა სათანადო რეაგირების საგანი, იძულებული ვარ, მივიღო ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება.
ვთვლი, რომ არსებულ ვითარებაში მონიტორინგის სამსახურმა დაკარგა მისთვის მინიჭებული ფუნქცია და მოცემულ პირობებში მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება არამხოლოდ აზრს მოკლებულია, არამედ ინსტიტუციური ღირებულებების უარყოფის თანამონაწილეობას ნიშნავს.
გამომდინარე აქედან გთხოვთ, 2025 წლის 17 მაისიდან, გამათავისუფლოთ დაკავებულ პოზიციიდან პირადი განცხადების საფუძველზე”, - წერია კახიანის განცხადებაში.
თეა კახიანი სოციალურ ქსელში პოსტსაც წერს და აღნიშნავს, რომ არხი დატოვა დავით ველიჯანაშვილმაც.
"გუშინ პირველი არხის სახეები, ბრენდის წარმომადგენლები Nino Zautashvili Vaska Ivanov-chikovani სამსახურიდან გაათავისუფლეს არხისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების ბრალდებით.
არხის მიკერძოებულობაზე საჯაროდ ილაპარაკესო. ანუ მიკერძოება კი არაა პრობლემა, არამედ ამაზე საჯაროდ ლაპარაკია პრობლემა.
ყველაფერი გაკეთდა, რომ არხზე ადგილის პოვნა გაუჭირდეს თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მატარებელ ადამიანს.
საკუთარ თავსაც მოვიაზრებ ასეთად. ასევე, არხი დატოვა დავით ველიჯანაშვილმა. ვიცი, რომ არა ერთი სხვაც ან საკუთარი განცხადებით წავა ან უბრალოდ სხვადასხვა მოტივით გაუშვებენ.
სამწუხაროა-თქო რომ ვთქვა, მოვლენების არსს ვერ გამოვხატავ. თუ გადავრჩი როგორც შემოქმედებითი ადამიანი, ოდესმე აუცილებლად აღვწერ რა და როგორ მოხდა საზოგადოებრივი სახსრებით დაფინანსებულ არხზე, რომელსაც სულ რამდენიმე წლის წინ დიდი ამბიციები ჰქონდა.
შევეცდები აკადემიური ენით გადმოვცე თუ როგორ გამაზრდევინა არხმა შვილი და მერე როგორ წაართვა მას საცხოვრებელი სივრცე. ახლა ამაზე ფიქრიც კი მიჭირს", - წერს თეა კახიანი.
ცნობისთვის, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზმაუდან გუშინ გაათავისუფლეს.




























