გასული კვირის ბოლო საკმაოდ ემოციური იყო. მაშინ, როცა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ სულ უფრო სუსტდება, სწორედ მოქალაქეებმა, სტუდენტებმა და კერძო სექტორის ნაწილმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რას ნიშნავს რეალური სოლიდარობა. 1.7 მილიონი ლარი, სწორედ ამდენის მობილიზება შეძლეს სტუდენტებმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად. კამპანია „1 ლარის მარათონი“ სულ რამდენიმე დღის წინ, 20 მაისს დაიწყო და მას მალევე დაემატა პეტიცია „მიეცით წამალი ბავშვებს“, რომელსაც ამ დროისთვის უკვე 90 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. პეტიციის ავტორები აცხადებენ, რომ თანახმა არიან, მათი გადასახადებით ფორმირებული სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილი სწორედ ამ ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტების დაფინანსებას მოხმარდეს.
საზოგადოებრივი დისკუსიის მიზეზი გახდა ოცნების პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება „რაციონალურად შესაფასებელია“, რათა, მისი თქმით, „ხალხის ფული ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას არ მოხმარდეს“. თუმცა ამ ფონზე საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდება კითხვაც, რამდენად სამართლიანია სიცოცხლის გადამრჩენი ან გასახანგრძლივებელი მედიკამენტის „რაციონალურობაზე“ საუბარი იმ ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში არაერთი კორუფციული სკანდალი გვახსოვს, მილიონებისა თუ ოქროს ზოდების მონაწილეობით.და რაც ჯერ არ გვიხილავს, მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ეს მმართველთა დაჯგუფებების წევრებს უბრალოდ არ სჭირდებათ.
ამ განცხადებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ სოლიდარობას, რომელიც ამ დღეებში ვნახეთ. მას შემდეგ, რაც მოძრაობა „დაიცავი ილიაუნი“-ს წევრებმა „1 ლარის მარათონი“ წამოიწყეს, კამპანიაში ჩართვის სურვილი არაერთმა ბიზნესმა გამოხატა.
პირველებს შორის იყვნენ სულაკაურის გამომცემლობა, ინტელექტი და ბიბლუსი, რომლებმაც წიგნების გაყიდვებიდან თანხის გადარიცხვა დაიწყეს. მათ მალევე შეუერთდნენ სხვა გამომცემლობები, კვების ობიექტები, მცირე ბიზნესები, სატრანსპორტო კომპანიები და ავტოიმპორტიორები. კამპანიაში ჩაერთო Global Auto Import, ავტო ჰოუმი, ქარექს ავტო ხოლო დეველოპერული სექტორიდან ჩემდა სამწუხაროდ ამ დროისთვის მხოლოდ ლისი ტრიო, რომელმაც განაცხადა, რომ 1 ივნისის ჩათვლით, ლისი ტრიოში გაყიდული ყველა ბინიდან ჯამურად ფონდში 10 000 ლარს გადარიცხავენ.
მხარდაჭერა გამოხატეს ასევე საქართველოს უნივერსიტეტმა 15 ათასი ლარით, სხვადასხვა კლინიკებმა, საგანმანათლებლო პლატფორმებმა და სერვის კომპანიებმა. ზოგიერთმა თანხა გადარიცხა, ზოგიერთმა საკუთარი მომსახურება სრულად უფასოდ შესთავაზა ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
ამ სიაშია ცოდნის კაფე, არტე, ჩიკატაი, ის პოსტერი, Zura's Bike Shop, პროფკავშირი "ლაბორი", სადაც განაცხადეს, რომ მაისში დასაქმებულთა მიერ ჩარიცხული საწევრო ანარიცხების მთლიანი თანხის 1% გადაირიცხება დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთა მხარდამჭერ ფონდში. ასევე ომნიბუს ექსპრესი და ჯორჯიან ბასი. ორივე კომპანიის შემთხვევაში მიმდინარე პერიოდში გაყიდული თითოეული ბილეთიდან 1 ლარი მათ დასახმარებლად მიემართება.
თუ ვინმე ეთერის შეზღუდული დროის გამო გამომრჩა, ბოდიშს ვუხდი, თუმცა ჩვენს ვებგვერდზე ბმ.გე-ზე ეტაპობრივად ქვეყნდება იმ ბიზნესების სრული სია, რომლებიც ამ ინიციატივას უერთდებიან. მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ PR ან გაყიდვების ზრდაზე გათვლილი კამპანია, დაე გაიზარდოს გაყიდვები სწორედ ისეთი ინიციატივების მხარდაჭერის ხარჯზე, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს ეხება.
როგორც ბიზნეს მედია, ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მსგავს აქტივობებს და მეტი პასუხისმგებლიანი ბიზნესი წარმოვაჩინოთ. მით უფრო მაშინ როცა ზოგიერთი მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე ინსტიტუციების სიჩუმე უკიდურესად ყვირის, მაშინ როცა მცირე ბიზნესები და რიგითი მოქალაქეები თავის მაქსიმუმს დებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთონ საშუალო და მსხვილი კომპანიებიც, ისინი, ვისაც რეალურად შეუძლია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მობილიზება.
არც მე, არც თქვენ და არც ის ადამიანები, ვინც ახლა ტელეეკრანებთან სხედან, არ ვართ აინშტაინები, როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ ერთ-ერთი ეთერში განაცხადა, უბრალოდ, ჩვენ და ჩვენს შვილებს გაგვიმართლა, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყოველდღიურად ძვირადღირებული მედიკამენტები არ გვჭირდება. ამ ბავშვებისთვის კი დრო, მკურნალობა და მხარდაჭერა პირდაპირ სიცოცხლის ტოლფასია და სიცოცხლე არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, რამდენად წარმატებული იქნება მარათონი.
სტუმრები: გიორგი კეკელიძე - მწერალი;
ია გელიტაშვილი - სულაკაურის გამომცემლობის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ;
ალექს რიგვავა - "დაიცავი ილიაუნი", წევრი, მარათონის ორგანიზატორი


































