მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის სურვილი 60 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა - ბარკალაია

6321e91495ad6
BM.GE
14.09.22 22:00
774
სოციალურად დაუცველთათვის საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის სურვილი, პირველ ეტაპზე, 60 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით ჯამში აღნიშნულ საზოგადოებრივ სამუშაოებში 22 ათასი მოქალაქეა დასაქმებული. 

„პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი სამუშაოების მიმართ დიდი ინტერესი იყო და დასაქმების სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს დაახლოებით 60 ათასმა მოქალაქემ მიმართა. პირველადი კონსულტაციის შემდეგ კი საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვაზე უარი 22-23 ათასმა მოქალაქემ განაცხადა. მოქალაქეების ნაწილმა, 4200-მა პირმა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება აირჩია, ხოლო 22 ათასი მოქალაქე დასაქმებულია საზოგადოებრივ სამუშაოებში. მათგან დაახლოებით, 21 ათასი ვაკანსია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზეა შექმნილი, სადაც ძირითადი აქტივობები სკვერების, არხების, გზების, შენობების დალაგება, განახლება, მცირედი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ასევე, მათ შორის, 45 სოციალურად დაუცველი ხანძრის ქრობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული“, - განაცხადა ბარკალაიამ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმების პროგრამისთვის ბიუჯეტში 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო. სხვადასხვა ტიპის, შიდა თუ გარე დასუფთავება, გამწვანება, გარემოსდაცვითი სამუშაოები, ტყის მონიტორინგი, მცირედი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, მათ შორის ღობეების შეღებვა, ეს საზოგადოებრივი სამუშაოების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს სთავაზობს და ამაში მათთვის, ხელფასის სახით დაუბეგრავად 300 ლარს გადაიხდის.

სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულ 664 ათასამდე გაიზარდა