„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის” სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი იზრდება. კერძოდ, მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ჯამში წელს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმება საზოგადოებრივ სამუშაოებზე ბიუჯეტს რეკორდული 104,3 მილიონი ლარი დაუჯდება.
ამ პროგრამით, ერთის მხრივ მთავრობა ხელოვნურად ცდილობს უმუშევრობის მაჩვენებლების შემცირებას, მეორე მხრივ კი ამ გზით აკეთებს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს მათი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ. ასე აფასებს ამ პროგრამის რეალურ მიზნებს IDFI-ს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი. გოგა თუშურაშვილის თქმით, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამას ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“ზოგადად საქართველოს ხელისუფლება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიაბას სახელმწიფო დასაქმების პროგრამებს, თუ დავაკვირდებით იგივე მაგალითად უმუშევრობის დონის შემცირების მაჩვენებლებს, რამ გამოიწვია ხომ? სიღრმეებში როცა ჩავდივართ ვხედავთ, რომ მთავარი ფაქტორი არის, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა ყველაზე მეტად.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროგრამა იყო სწორედ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, როდესაც ფაქტობრივად ხელისუფლება ცდილობს გარკვეულ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე მოახდინოს გარკვეული პოლიტიკური ზეგავლენა, მიიბას ისინი მათ დაფინანსებაზე, რომ ეს იყოს ერთგვარი ინსტრუმენტი, რომ მათზე ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური ზეგავლენა.
ეს პროგრამა რომ შევაფასოთ, ეს არის ფაქტობრივად, კვაზი დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც განმსჭვალულია სოციალურ-პოლიტიკური მისწრაფებებით და ის ნაკლებად არის კავშირში ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესთან”,-აცხადებს გოგა თუშურაშვილი”,-აცხადებს გოგა თუშურაშვილი.
არსებული ინფორმაციით, ამ პროგრამით 2022 წელს 30 ათასამდე სოციალურად დაუცველმა ისარგებლა, 2023 წელს 40 ათასამდე პირმა, წელს 30 ივნისის მდგომარეობით კი საზოგადოებრივ სამუშაოებზე აქტიური ხელშეკრულება 30 278 სოციალურად დაუცველ პირს ჰქონდა.
როგორც ქართულმა ოცნებამ დაანონსა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 4 წელზეა გათვლილი. სახსრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ბიუჯეტში მომავალ წელსაც გაითვალისწინეს. ამ მოცემულობით პროგრამის ფარგლებში 103,3 მლნ ლარის დახარჯვაა გეგმაში.