მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამას უფრო მეტად სოციალური მნიშვნელობა გააჩნია - დავითაშვილი

63badaddbfce6
ვიქტორია მღებრიშვილი
08.01.23 19:30
652
საზოგადოებრივ დასაქმების პროგრამას უფრო მეტად სოციალური მნიშვნელობა გააჩნია - ასე აფასებს ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას, რომელიც პრემიერის ინიციატივით გასულ წელს ამოქმედდა და დღეისთვის 23 000-ზე მეტი სოცდაუცველი დაასაქმა.

BMGtv-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში წამყვანების კითხვაზე - რამდენად ეფექტიანი იქნება აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გააქტიურებისა და მათი შრომისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა, რომ მსგავს პროგრამებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე რამდენიმე მიზანი და ამოცანა აქვთ.

„საზოგადოებრივ დასაქმებას უფრო მეტად სოციალური მნიშვნელობა გააჩნია...

ასეთი პროგრამები აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ განახორციელა. ჩვენ მათი გამოცდილება გავიზიარეთ და ვცადეთ დადებითი ელემენტები საქართველოს ბაზარზე მოგვერგო. პროგრამის მთავარი ამოცანა ამ ადამიანების შრომის ბაზარზე ინტეგრირებაა. ამ პერიოდში დამატებითი საქმის შესრულებისას ეს ადამიანები დამატებით შემოსავალს იღებენ და მათი სოციალური მდგომარეობა უმჯობესდება. პარალელურად ამ პროგრამის ნაწილია ის რომ ადამიანებს, რომლებიც კერძო სექტორში დასაქმდებიან სოციალური სტატუსი შეუნარჩუნდებათ. ეს მოტივატორია რომ ადამიანები დასაქმდნენ და დამატებითი სიკეთე კერძო სექტორიდან მიიღონ.

ადამიანებისთვის დამატებით შემოსავალის მიღება, მათი სოციალური მდგომარეობისთვის უკეთესია. რაც შეეხება იმას, რომ ისინი აკეთებენ საქმეს რომელიც გამოგონილია, შესაძლოა ასე იყოს... ყველა ქვეყანაში იყო ასე... რაღაც საქმეები შეიძლება არ ყოფილიყო პირველი პრიორიტეტის ამოცანა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გასაკეთებელია და ჩვენ შეგვიძლია, თან საქმე და თან სოციალური სიკეთე გავაკეთეთ ამ ადამიანებისთვის, ამავე დროს ადამიანებს გარკვეული მინიმალური კვალიფიკაციები უჩნდებათ და შრომის კულტურა უმუშავდებათ.

ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არსებულმა სოციალურმა პოლიტიკამ საქართველოსა და სხვა მსგავს ქვეყნებში ადამიანები შრომას გადააჩვია. ადამიანები ისე იზრდებიან, რომ სოციალურად დაუცველ მშობლებს უყურებენ, რომელთაც გამოცდილება არ აქვთ და მათაც შრომის სურვილი არ უჩნდებათ. მთავარია ეს ადამიანები დავუბრუნოთ სამუშაოს“, - განმარტა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სამთავრობო პროგრამა, რომელიც შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებს, უკვე 9 თვეა ძალაშია და ამ პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 23 000 მეტი სამუშაო ადგილი გამოიძებნა. მთავრობის ინფორმაციით, სრულ განაკვეთზე ამ პოზიციებზე ანაზღაურება - 300 ლარი, ნახევარ განაკვეთზე კი 150 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები