კარგი გაგებით რევოლუციას ვაპირებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების სფეროში, - ამის შესახებ ფრანგული კომპანია “სისტრას” წარმომადგენელი საქართველოში ასმათ აბესაძე აცხადებს.
კომპანია “სისტრა” უკვე რამდენიმე თვეა თბილისის მერიის დაკვეთით თბილისის ახალი სატრანსპორტო სქემის ჩამოყალიბებაზე მუშაობს, აწარმოებს კვლევებს და მუშაობს რეკომენდაციებზე. კვლევას “სისტრა” მერიას, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს ჩააბარებს.
“დაგეგმილი გვაქვს თვისობრივად ახალი სატრანსპორტო ქსელის ჩამოყალიბება. ყველა ის მონაცემი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სატრანსპორტო ქსელი გახდეს მოსახლეობისთვის მიმზიდველი, გათვალისწინებულია. დღეს, სადაც არ არის შესული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს პრობლემა ყველგან მოიხსნება. საზოგადოებრივ ტრანსპორტთან წვდომა ექნება ყველას - თბილისსა და მის შემოგარენში.
ქალაქში დავადგინეთ 10 ძირითადი მარშრუტი, სადაც პრიორიტეტი მიენიჭება ავტობუსებს. ავტობუსებს ექნებათ თავიანთი გამოყოფილი ხაზი, სადაც იმოძრავებს მხოლოდ ავტობუსი ან მიკროავტობუსი. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ექნება თავის ხაზი და თუ კერძო ავტომობილების მფლობელები ვიდგებით საცობში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს საცობის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ გაცილებით უფრო სწრაფად მივა ადამიანი დანიშნულების ადგილას, თუ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ გამოიყენებს საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას”, - აცხადებს ასმათ აბესაძე.
მისივე თქმით, შემცირდება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობის ინტერვალები და მგზავრებს აღარ მოუწევთ 30 წუთის განმავლობაში ელოდონ სასურველ ნომერს.
“გაიზრდება ავტობუსების ტევადობა - შეძენილი იქნება 18-20-24 მეტრიანი ავტობუსები და ის ჭყლეტვა, რომელიც დღეს გვაქვს, აღარ იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს ამ ავტობუსებმა ყველაზე დიდ 10 დერეფანში ერთად აიყვანოს ბევრი მგზავრი”, - აცხადებს ასმათ აბესაძე.
ის ასევე ხაზს უსვამს, რომ დიდი მოცულობის ავტობუსებს დედაქალაქის ქუჩებში გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ, რამდენადაც კვლევის პერიოდში “სისტრამ” ფიზიკურად გაზომა ქუჩები. ამასთან, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ 24-მეტრიანი ავტობუსებისთვის გამოყოფილი იქნება ზოლები და მათი გადაადგილება მოხდება მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ხაზზე.
“სისტრას” წარმომადგენელი ამბობს, რომ მთლიანობაში ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადასვლას 2 წელი დასჭირდება.

























