iGaming კონფერენცია SBC Summit Tbilisi საქართველოში ყოველწლიურად გაიმართება. ამის შესახებ "სპორტ მეტია ჰოლდინგის" (SMH Global) დამფუძნებელმა ლაშა მაჭავარიანმა "ბიზნესის კვირეულის" სტუმრობისას განაცხადა.
საქმე ის არის, რომ 23-24 ოქტომბერს, თბილისში, პირველად, iGaming კონფერენცია SBC Summit Tbilisi გაიმართა, რომელიც ბრიტანული ორგანიზაცია SBC-ისა და ქართული კომპანია SMH Global-ის თანაორგანიზებით შედგა. ღონისძიებას 400-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი ესწრებოდა.
"SBC-ის სათავო ოფისიდან ძალიან კარგი გამოხმაურება მივიღეთ; ამ ფაქტით ვისარგებლეთ და შევთანხმდით, რომ ღონისძიება ყოველწლიურად საქართველოში გაიმართება, ოღონდ ოქტომბრის ნაცვლად - გაზაფხულზე", - თქვა ლაშა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ბრიტანელმა პარტნიორებმა ქართულ ბაზარზე დაინახეს მზაობა და სურვილი, რომ ეს სექტორი უფრო მეტად უნდა განვითარდეს, ამიტომ სამიტთან ერთად, სხვა აქტივობების დაგეგმვაც გადაწყვიტეს.
"ჩვენ უკვე შევთანხმდით, ყოველ კვარტალში ერთხელ გვექნება აქტივობა; აუცილებლად იქნება სემინარები, სამუშაო შეხვედრები. ჩვენ დავინახეთ, რომ ბაზარი არამხოლოდ მზადაა, არამედ მოწადინებულიცაა ამ სიახლეებისთვის", - ამბობს "სპორტ მედია ჰოლდინგის" დამფუძნებელი.
SBC არის ინდუსტრიაში წამყვანი ივენთების ორგანიზატორი კომპანია, რომელიც მართავს გლობალურ კონფერენციებსა და გამოფენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორებიც არის: ნიუ-იორკი, ლონდონი, ტორონტო, ბარსელონა, ლისაბონი და მრავალი სხვა. SBC საოპერაციო არეალი ასევე მოიცავს უმსხვილეს ნიუს პლატფორმას სპორტული სექტორისა და iGaming-ის ინდუსტრიაში უნიკალური კონტენტით, ინოვაციებისათვის, სექტორის ზრდისა და განვითარებისთვის.
SMH არის ქართული კომპანია, რომელიც აქტიურად ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე iGaming-ისა და სპორტის მიმართულებით. ბრენდი 2017 წლიდან ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით სპორტული მედიის, სპორტული ფედერაციების, კლუბების და სპორტული სარეკლამო ინვენტარის მენეჯმენტში.