თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის A და B ჯგუფის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა, რის შემდეგაც სუპერლიგის და ოქროს ლიგის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.
„კროკობეთმა“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ კარი მშრალად შეინახა და მეტოქე დამაჯერებელი უპირატესობით 5-0 დაამარცხა. წყვილში პირველი დაპირისპირება ფრედ დასრულდა, საპასუხო მატჩში დაფიქსირებული შედეგით კი „კროკო“ სუპერლიგის ნახევარფინალში კვალიფიცირდა, „ჯი ემ“-მა კი ოქროს ლიგაში გადაინაცვლა.
„შსს“-მ „ბანკი ქართუ“-სთან გამარჯვება მიითვალა, ანგარიშით 5-0 და სუპერლიგის ½ ფინალში „დიპლომატ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ „ნიკორა“ 5-3 დაამარცხა.
დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა „არმია“-ს და „ბეთლაივს“ შორის გამართული მატჩი. განმეორებით შეხვედრაში, პირველის მსგავსად, ფრე დაფიქსირდა (1-1). გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც „ბუკმეიკერებმა“ მეტოქეს 2-3 აჯობეს.
„ავერსი“ „ენ ეს სტუდიო“-სთან ორჯერ ლიდერობდა. მეტოქემ ორივეჯერ შეძლო წონასწორობის აღდგენა. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე „ფარმაცევტები“ წინ გავიდნენ და საბოლოოდ 4-2 იმარჯვეს.
„ენერგო-პრო“-ს და „მეამა“-ს შორის გამართული დაძაბული დაპირისპირება ფრედ 3-3 დასრულდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ კი პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობით ვერცხლის ლიგის ½ ფინალში თამაშის უფლება „ენერგო-პრო“-მ მოიპოვა.
პირველ მეოთხედინალში გამარჯვებით ვერცხლის ლიგაში ითამაშებს „დი ეიჩ ელ“-იც. „რუსთავის აზოტმა“ მატჩი არ დათმო, მაგრამ მეტოქე ვერ დაამარცხა და გუნდები 1-1-ზე გაიყარნენ.
„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუნდმა „ფარვანა“-ს განმეორებით მატჩშიც სძლია, ამჯერად მინიმალური სხვაობით 3-2.
საპასუხო შეხვედრების შემდეგ ნახევარფინალში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:
სუპერლიგა: „შსს“-„დიპლომატ ჯორჯია“, „კროკობეთი“- „ბეთლაივი“.
ოქროს ლიგა: „ბანკი ქართუ“-„ნიკორა“, „ჯი ემი“ - „არმია.
ვერცხლის ლიგა: „ენერგო-პრო“ - „ჯი სი ი“, „დი ეიჩ ელი“ - „ავერსი“
ბრინჯაოს ლიგა: „მეამა“ - „ფარვანა“, „რუსთავის აზოტი“ - „ენ ეს სტუდიო“
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 21 მაისს გაიმართება. გუნდები ფინალში მოსახვედრად ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდებიან.