მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სჭირდება თუ არა საქართველოს ანაკლიის პორტი? – ბაქოს პორტის გენერალური დირექტორის ანალიზი

5dbd8b14ed6ec
ელენე კვანჭილაშვილი
03.11.19 10:50
8920
„ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი დროთა განმავლობაში მოვა“ – ასე უპასუხა ბაქოს პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა საქართველოს ახალი აბრეშუმის გზის ფორუმზე „ანალიტიკა“-ს მიერ დასმულ შეკითხვას: ბაქოს გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ფიქრობს ის დღეს საქართველოზე – სჭირდება თუ არა საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი.

ტალეჰ ზიადოვი ამბობს, რომ საკითხის ასე დასმა მთლად მართებულად არ მიაჩნია და პასუხი ამ კითხვაზე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ხელისუფლების სტრატეგიული ხედვა.

„ფაქტია, ტვირთბრუნვა აზიასა და ევროპას შორის ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. ამდენად, ავტომატურად მომდევნო კითხვა, რომელიც სატრანზიტო ფუნქციის ქვეყნისთვის დგება შემდეგია: რამდენად არის ქვეყნის ინფრასტრუქტურა მზად ამ ტვირთების გატარებისთვის?“ – ამბობს ბაქოს პორტის გენერალური დირექტორი.

ტალეჰ ზიადოვი „ანალიტიკა“-სთან საუბარში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია როდის და როგორ უნდა დახვდეს მზად ამ გაზრდილ მოთხოვნას. „თუმცა, ჩვენი აზრით, ნებისმიერი ახალი პორტი თუ მაგისტრალი თუ რკინიგზა აუცილებელი პირობაა საკუთარი ვაჭრობის დივერსიფიკაციისთვის“, - აცხადებს ტალეჰ ზიადოვი.

კითხვაზე – ვრცელდება თუ არა ეს მიდგომა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებზეც, ბაქოს პორტის დირექტორი გვპასუხობს, რომ მისი დაკვირვებით ნავთობი აღარ არის ერთადერთი სავაჭრო პროდუქტი ორ ქვეყანას შორის და ამ მიმართულებითაც სერიოზული დივერსიფიკაცია შეიმჩნევა. „მჯერა, რომ ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში ეს ტენდენცია შენარჩუნდება და მხოლოდ გაძლიერდება“, - გვეუბნება ტალეჰ ზიადოვი.

ბაქოს პორტის გენერალური დირექტორის შეფასებით, დღეს საქართველოს და აზერბაიჯანს სჭირდებათ რაც შეიძლება მეტი ე.წ. სატრანზიტო გვირაბი გაჭრან – იქნება ეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, თუ ბათუმის, ფოთის და მომავალში – ანაკლიის პორტები.

„აუცილებელია, რომ ყველა ამ გვირაბმა ეფექტურად იფუნქციონიროს, რომ გაატაროს ის ტვირთები, რომლებიც ჩინეთიდან გადაადგილდება და პირიქით, რაც ასევე უზრდის ტვირთბრუნვას ამ მარშრუტს“ – აცხადებს ტალეჰ ზიადოვი.

„ანალიტიკა“-ს რეპლიკაზე, რომ როგორც ჩანს, აზერბაიჯანმა მტკიცედ გადაწყვიტა, მოშორდეს „ნავთობის წყევლას“, ბაქოს პორტის გენერალური დირექტორი გვპასუხობს, რომ სწორედ ეს არის დღეს ამ ქვეყნის გრძელვადიანი ხედვა. „შემოსავლებს, რასაც სახელმწიფო ნავთობით ვაჭრობიდან იღებს, მთლიანად ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახმარს. ბოლო 10 წლის სახელმწიფო საინვესტიციო პორტფელს თუ შეხედავთ, ნახავთ, რომ მილიარდები იხარჯება გზების, რკინიგზის, პორტების, აეროპორტის მშენებლობაზე. რატომ? ზუსტად იმიტომ, რომ აზერბაიჯანი მზად იყოს შემდეგი ეტაპისთვის – ეს ეტაპია მეტი ურთიერთდაკავშირებულობა - ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია, რითაც შემდგომ მზად ვიქნებით, დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა ჩვენს სატრანზიტო ფუნქციაზე“ – განმარტავს ბაქოს პორტის გენერალური დირექტორი.

ურჩევს თუ არა ტალეჰ ზიადოვი იგივეს საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებით? - ბაქოს პორტის გენერალური დირექტორი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რომელ სტრატეგიას ირჩევს, სად ხედავს ქვეყნის მომავალს 10–20 წელიწადში და რა ნაბიჯების გადადგმა და როგორი ინფრასტრუქტურის აშენება სჭირდება უკვე დღეს ამ მიზნების მისაღწევად.

ბაქოს პორტმა უკვე დაასრულა ახალი საერთაშორისო საზღვაო და სავაჭრო პორტის მშენებლობის პირველი ფაზა, რითაც საკუთარი გამტარუნარიანობა ყოველწლიურად საშუალოდ 15 მილიონ ტონა ტვირთამდე გაზარდა. მათ შორისაა 100 ათასი კონტეინერიც, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის გადაიზიდება. დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობით, ბაქოს პორტს აქვს მიზანი, კასპიის რეგიონში თავი დაიმკვიდროს, როგორც უმსხვილესმა ინდუსტრიულმა და ლოგისტიკურმა ცენტრმა, რითაც ხელი უნდა შეუწყოს აზერბაიჯანის არა–ნავთობის ეკონომიკის განვითარებას. პორტის გაფართოების მომდევნო ფაზად დაგეგმილია სპეციალური ეკონომიკური რეჟიმის შემოღებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები