მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სჭირდება თუ არა საქართველოს IMF-ის პროგრამა? - ალეხანდრო ჰაჟდენბერგის პასუხი

imf

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი სახელმწიფოსთვის IMF-ის პროგრამის საჭიროების სამ ძირითად მიზეზს ასახელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ნეგატიური მაკროეკონომიკური პარამეტრები არ აქვს და ქვეყანას დამატებითი ფინანსების მოზიდვა არ სჭირდება. ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა BMG-ის კითხვას, მიიჩნევს თუ არა, რომ საქართველოს სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა სჭირდება.

მისი განმარტებით, სამი ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც სახელმწიფოები ფონდს ფინანსური მხარდაჭერისთვის მიმართავენ არის საგადასახდელო ბალანსის კრიზისი; სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა და ბაზრისთვის შესაბამისი სიგნალის გაგზავნა, რომ სახელმწიფოს აქვს ჩარჩო ეკონომიკური გეგმა, რომელსაც ბაზარი შეიძლება ენდოს. ამ სამი საკითხიდან ჰაჟდენბერგი მიუთითებს, რომ ქვეყანას არ აქვს ნეგატიური მაკროეკონომიკური პარამეტრები, ბაზრის ნდობაც არსებობს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიმართ და სახელმწიფო პოლიტიკაც მეტწილად შესაბამისობაშია იმ პრიორიტეტებთან, რომლებიც წინა პროგრამის ფარგლებში იყო განსაზღვრული.

"მე ვიტყოდი, რომ როგორც წესი არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ისინი სავალუტო ფონდს პროგრამას გვთხოვენ. პირველია თუკი ქვეყანა განიცდის საგადასახდელო ბალანსის კრიზისს; მეორე არის რომ სავალუტო ფონდმა მხარი დაუჭიროს სახელმწიფო პოლიტიკას; მესამე კი არის ის, რომ ბაზარს გაეგზავნოს სიგნალი, რომ მთავრობა მიჰყვება კონკრეტულ პოლიტიკას. პირველთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ საქართველოს ამჟამად არ სჭირდება დამატებითი დაფინანსების მოზიდვა, ის არ სჭირდებოდა არც წინა პროგრამის ფარგლებში, ამიტომაც არ მომხდარა მის ფარგლებში თანხების გაცემა. დღეს მაკროეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო მყარია, რადგანაც დაგროვილია უფრო დიდი ბუფერები, ეროვნული ბანკის რეზერვების სახით. ასევე ვფიქრობ, რომ ეს გამოიხატება ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობაშიც, რადგან კონფლიქტის დაწყების შემდეგ თავდაპირველად იყო გარკვეული მერყეობა, თუმცა ის დასტაბილურდა.

რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკას, როგორც ფინანსთა მინისტრმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადეს, არის გარკვეული პროგრესი იმ საკითხების შესახებ, რომლებიც პროგრამაში იქნებოდა მოაზრებული. ჩვენ მოველით შემდგომ პროგრესს, თუმცა მეტწილად ამ თემებთან მიმართებით უთანხმოებას არ ვხედავთ. ჩვენ მოველით რომ შესაბამისი ზომები დროულ ვადაში იქნება განხორციელებული. რაც შეეხება ბაზრის ნდობას, მთავრობის მიერ ევრობონდის გამოშვება აჩვენებს, რომ ბაზარს საქართველოს მიმართ აქვს ნდობა. ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და წელიწადში ორი მისიის სახით ვეცნობით მიმდინარე მოვლენებს, ასევე ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფიც ახლოს მუშაობს შესაბამის უწყებებთან", - განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.

ამავე კითხვას უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავრობა ფონდთან აქტიურად თანამშრომლობს, ხოლო სახელმწიფოს მიერ IMF-ისგან დამატებითი სახსრების მოზიდვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.

"პროგრამასთან მიმართებით, არაერთხელ იქნა გაცხადებული, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის ნებისმიერ ფორმატში ჩვენთან თანამშრომლობისთვის. იქიდან გამომდინარე, თუ რა საჭიროებები ექნება ქვეყანას და ესეც ჩვენი მხრიდან ძალიან კარგად არის მიღებული და დასაფასებელია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს არა მხოლოდ მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით აქვს საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა, არამედ მზაობა აქვს, თუ პროგრამის საჭიროება იქნება, მოთხოვნის შემთხვევაში ის განხორციელდება.

ამ მიმართულებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამშრომლობა საკმაოდ აქტიურია. მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ხორციელდება როგორც ფისკალური ისე მონეტარული კუთხით. ამ ეტაპზე, დაფინანსების მოზიდვის საჭიროება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან არ არის და შესაბამისად, თუ ასეთი საჭიროება დადგება, დარწმუნებული ვარ, სავალუტო ფონდი მომზადებული შეხვდება ამ საჭიროებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ცნობისთვის, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.

კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები