მიმდინარე წლის ბოლოს ბაზარზე კომპანია Schuchmann Wines Georgia-ს მიერ წარმოებული ქართული ძმარი და ბალზამიკო გამოჩნდება.
პროდუქტი მაღალ საფასო სეგმენტზე იქნება გათვლილი და ლიმიტირებული რაოდენობით, სულ რამოდენიმე ათასი ბოთლი გამოვა.
ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა.
ამ ეტაპზე პროდუქციის საწარმოო პროცესია, პროდუქტი განიცდის დაძველებას და გაყიდვაში დამზადების ორწლიანი ციკლის დასრულების შემდეგ ჩაეშვება.
„გასტრონომიული მიმართულება კომპანიისთვის პრიორიტეტია, სადაც სოფლის მეურნეობის ბიოპროდუქტების გამოყენება ხდება, მინიმუმამდეა დაყვანილი დამხმარე ინგრედიენტების გამოყენება; მაგალითისთვის, 2018 წელს ჩვენ დავიწყეთ ყურძნის წიპწის ზეთის დამზადება, რომელიც გასტრონომიაში გამოიყენება და 100%-ით ნატურალური პროდუქტია; ასევე, დამზადების პროცესშა ბალზამიკო და ძმარი, რომელსაც ცოტაოდენი დრო სჭირდება, რომ საბოლოო პროდუქტი მივიღოთ.
ეს იქნება საშუალოზე მაღალი ღირებულების პროდუქტი და ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა. ჩვენი მიზანია, კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებულ პროდუქტებს და დავამკვიდროთ ქართული ბრენდი; იგეგმება მისი ექსპორტზე გატანაც“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.
ამჟამად კომპანია 15-ზე მეტი დასახელების ვაზის ჯიშისგან მიღებული მოსავლით ღვინოს, ჭაჭას და ცქრიალა ღვინოს ამზადებს. ასევე აწარმოებს კოსმეტიკური პროდუქციას, კერძოდ ყურძნის წიპწის ზეთს და სკრაბს.
Schuchmann Wines Georgia წელიწადში 1,5 მილიონ ბოთლ, პრემიუმ სეგმენტის პროდუქციას ამზადებს, რომლის 90% ექსპორტზე 25-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

























