მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Scribe.ge - რას სთავაზობს ახალი მედია პლატფორმა მომხმარებელს

5f52a9f0367ef
ვიქტორია მღებრიშვილი
05.09.20 09:30
1356
Scribe.ge - ეს არის ახალი მედია პლატფორმა, რომელიც 3 კვირის წინ ამოქმედდა. როგორც BM.GE-სთან სტარტაპის დამფუძნებელი განმარტავს, ინფორმაციის გენერირება მონაცემთა ანალიზის დამუშავების შედეგად ხდება და საბოლოოდ, მომხმარებელი იღებს მხოლოდ ისეთ ამბებს და სიახლეებს, რაც მის ინტერესებზე ყველაზე მეტად არის მორგებული.

„Facebook-ზე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს გამოწერილი, რომელიც დროთა განმავლობაში ირევა და იკარგება; ჩემი ინტერესების შესაბამის ინფორმაციას ვეღარ ვიღებ და იმისთვის, რომ საჭირო ინფორმაცია მივიღო, ძალიან ბევრ პლატფორმაზე მიწევს შესვლა; მსგავსი გამოწვევის წინაშე ბევრია, სწორედ ამიტომ შევქმენით სტრუქტურირებული პლატფორმა Scribe.ge, რომელიც გამოწერის შემთხვევაში ინფორმაციას კატეგორიების მიხედვით მიაწვდის მომხმარებელს. პრინციპი მარტივია - მომხმარებელი ირჩევს სასურველ კატეგორიას, ჩვენ კი ამ კატეგორიიდან, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ყოველკვირეულად ვუგზავნით. ყოველი შემდეგი შეტყობინება, უფრო მეტად მორგებული ხდება მომხმარებლის სურვილებზე”, - აცხადებს სანდრო კანდელაკი.

მისი ინფორმაციით, სტარტაპის ამოქმედებისთვის იდეის ავტორებმა 15 000 ლარის ინვესტიცია ჩადეს და ამ დროისთვის სამი ადამიანია დასაქმებული. ახლადამოქმედებული პლატფორმას უკვე 3 810 გამომწერი ჰყავს, ეწვია 10 023 ვიზიტორი და გაზიარდა - 900 სტატია.

„პლატფორმაზე ამ დროისთვის 10-მდე კატეგორიაა, რომელიც ქვეკატეგორიებად იყოფა. ყოველ სამშაბათს ვაგზავნით იმ კატეგორიის კვირის Scribe-ს, რომელიც გამოწერილი აქვს მომხმარებელს. სიახლეების გამოწერა უფასოა. პლატფორმა სატესტო რეჟიმში მუშაობას წლის ბოლომდე გააგრძელებს, ხოლო შემდეგ ავამოქმედებთ ბიზნესმოდელს, რომლის მიხედვითაც ვითანამშრომლებთ სხვადასხვა პლატფორმებთან. ამ დროისთვის 5 ქართული და 380 უცხოური მედია პლატფორმის სიახლეებია განთავსებული. რაც შეეხება მომხმარებლის ინტერესებს, ყველაზე აქტიურად იწერენ ჰოროსკოპს, ბიზნესს, კულინარიას და ვაკანსიებს“, - განაცხადა სანდრო კანდელაკმა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას Scribe.ge-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ შემოდგომიდან კომპანია გაფართოებას გეგმავს. „ოქტომბრის ბოლოდან ვგეგმავთ კატეგორიის მენეჯერების დამატებას, რომლებიც გარდა ინფორმაციის პროგრამული ანალიზისა, მომხმარებლისთვის ამბებს და სიახლეებს ადამიანური ხედვით შეარჩევენ“, - აღნიშნა სანდრო კანდელაკმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები